საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, თავის თანაშემწე გიორგი ჩიხრაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძესთან, ასევე ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძესთან ერთად, 30 ივნისს, ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს შეხვდა.
შეხვედრამ დაახლოებით 2 საათს გასტანა და ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან შემდეგი თქვა:
კახა ცხადაძე: “ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია, რომ ყველა ნაკრები ერთ სისტემაში მოექცეს. საბოლოოდ, ეროვნულ ნაკრებში სრულფასოვნად მომზადებული ფეხბურთელი უნდა მოვიდეს, რომ სანაკრებო შეკრებაზე მისთვის რამის სწავლება არ გვიწევდეს.
ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და ეს შეხვედრები მუდმივ ხასიათს მიიღებს. ჩვენს მომდევნო შეხვედრას სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი დაგეგმავს და მალევე შევიკრიბებით.
რაც დავგეგმეთ და მოვილაპარაკეთ, ნაკრებების მთავარი მწვრთნელები წინადადებით მივმართავთ სფფ-ის აღმასკომს, რომ მიიღოს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საუბარი მაქვს იმ ინიციატივაზე, რაც თავის დროზე თემურ ქეცბაიას ჰქონდა, რომ კლუბებმა განაცხადში შეიყვანონ ოთხი 21 წლამდე ფეხბურთელი და ორ მათგანს თამაშის საშუალება მისცენ. ამით ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ დაახლოებით, 64 ახალგაზრდა ფეხბურთელს ექნება სათამაშო პრაქტიკა.
ამასთან, მინდა სპორტის სამინისტროს ვთხოვო, რომ დააფინანსონ ფიზმომზადების მწვრთნელების პროგრამა, რომელიც ნამდვილად არ ღირს ძვირი და ჩვენთან ამ სპეციალისტების დიდი საჭიროებაა.
შეხვედრაზე, ასევე, გადავხედეთ პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების იმ 50-კაციან სიას, რომელიც ერთი წლის წინ შეადგინეს ფედერაციის სპორტულმა და ტექნიკურმა დეპარტამენტებმა და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა. განვიხილეთ, ვინ როგორ “გაიზარდა” ამ ერთ წელში, ვინ მოუმატა, ვინ მოუკლო და ასე შემდეგ.
ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობით მალე დავლაგდებით და ჩავჯდებით ერთიან სისტემაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიზანი მომდევნო შესარჩევში ჯგუფიდან გასვლაა, თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის შედეგის მალე და ეფექტურად მიღწევა”.