ფეხბურთი

12:58 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების მსაჯები გაირკვნენ

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს, რომელშიც თბილისის “დინამო” აზერბაიჯანის “გაბალას” მიიღებს, ისრაელის მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

მთავარ მსაჯად როი რეინშრეიბერია გამწესებული, რომელსაც დავიდ ელიაშ ბიტონი და იდარ იარკონი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ცვი ლევი იქნება. თამაში 2 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას პირდაპირი ეთერით “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” გადასცემს.

2 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას ბათუმის “დინამო” კვიპროსის “ომონიასთან” ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. თამაშ, რომელიც სტარტს 20:00 საათზე აიღებს, სლოვენიელები განსჯიან.

მთავარი მსაჯი მიტია ჟგანეცია, რომელსაც ასისტენტობას მანუელ ვიდალი და ანდრაჟ კოვაჩიჩი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ნეიც კაიტაზოვიჩია. თამაშს პირდაპირი ეთერით აჭარის ტელევიზია აჩვენებს.

“ცხინვალი”, რომელსაც ევროთასებზე დებიუტი აქვს, 2 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას სტუმრად რუმინეთის “ბოტოშანთან” ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

“ბოტოშანი” – “ცხინვალი” თამაშს ალბანელები იმსაჯებენ. მთავარი არბიტრი ლორენც ჯემინია, ხოლო გვერდითები – ერმალ ბარუში და გერნატ ქირიცი. მეოთხე მსაჯი კლაიდი კოლაა.

0.143402