ფეხბურთი

17:37 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბურთის” მომგები პირველი ჩეხი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი იოჟეფ მასოპუსტი, რომელიც 1962 წელს “ფრანს ფუტბოლმა” “ოქროს ბურთით” დააჯიდლოვა, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი isport.blesk.cz-ი იუწყება.

ამპლუით ნახევარმცველი მასოპუსტი 1952-1968 წლებში პრაღის “დუკლაში” გამოდიოდა და 386 მატჩში 79 გოლი გაიტანა. 1965-1966 წლებში ჩეხეთის ეროვნულ გუნდში 66 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.

მან “დუკლასთან” ერთად ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატი 8-ჯერ მოიგო, ხოლო ქვეყნის თასს 3-ჯერ დაეუფლა.

მასოპუსტი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების შემადგენლობაში 1960 წელს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო 1962 წელს ჩილეში მსოფლიო ჩემპიონატის “ვერცხლი” მოიგო. ფინალში ჩეხოსლოვაკიამ ბრაზილიასთან 1:3 წააგო.

მასოპუსტი პირველი ჩეხი ფეხბურთელია, რომელსაც “ოქროს ბურთი” მოუგია. მან, 1962 წელს ლეგენდარულ პორტუგალიელ თავდამსხმელ ეუსებიოს და გერმანელ მცველ კარლ-ჰაინც შნელინგერს აჯობა. 2003 წელს, “ოქროს ბურთს” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პაველ ნედვედი დაეუფლა.

ჟურნალ “გოლის” ვერსიით, მასოპუსტი ჩეხეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული.

0.116275