რაგბი

15:01 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნამიბიამ ორთვენახევრით ადრე მწვრთნელი შეცვალა

ნამიბიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეა, “კარდიფ ბლუზის” ყოფილი თავკაცი ფილ დევისი გაწვრთნის.

2012 წლიდან, მსოფლიო თასისთვის გუნდს დენი ვერმულენი ამზადებდა, მაგრამ ბუქარესტის თასზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი თამაშის შემდეგ, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ვინდჰუკში გამართულ სხდომაზე ნამიბიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ რუმინეთში ნამიბიის ნაკრები არგენტინის “იაგუარებთან” 10:30, მასპინძელ რუმინეთთან 3:43, ხოლო ესპანეთთან 3:20 დამარცხდა და ბოლო ადგილზე გავიდა.

“მინდა მადლობა გადავუხადო დენის იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც მან ნამიბიის რაგბის განვითარებაში შეიტანა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ორი ურთულესი პერიოდი - მან აფრიკის “1ბ” დივიზიონიდან გუნდი “ა” დივიზიონში აიყვანა, ხოლო შარშან მისი ხელმძღვანელობით ნამიბიამ მადაგასკარში გამართული ტურნირი მოიგო, რის შედეგადაც ჩვენი ნაკრები მსოფლიო თასის მონაწილე გახდა” - განაცხადა ნამიბიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბრედლი ბასონმა.

ვერმულენის გადადგომა ცუდ დროს დაემთხვა, რადგან მსოფლიო თასამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, სადაც აფრიკელები 24 სექტემბერს ახალ ზელანდიას, 29 სექტემბერს ტონგას, 7 ოქტომბერს საქართველოს და 11 ოქტომბერს არგენტინის ნაკრებებს შეხვდებიან. სულ რაღაც ორი კვირაა დარჩენილი ნამიბიელთა უახლოეს შეხვედრამდე - 11 და 18 ივლისს აფრიკელები ვინდჰუკში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ორ საერთაშორისო ტესტ-მატჩს გამართავენ. მიუხედავად ასეთი მოკლე პერიოდისა, ბასონი დარწმუნებულია, რომ ვერმულენის გადადგომა გუნდის მზადების პროცესზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, რადგან მისი შემცვლელი და მთლიანად სამწვრთნელო შტაბი, გამოცდილი სპეციალისტებისგან შედგება და ისინი კარგად იცნობენ გუნდის თითოეულ წევრს და მათ შესაძლებლობებს.

“ალბათ, დენის წასვლით მოთამაშეები გულდაწყვეტილნი იქნებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს მოსამზადებელ ეტაპზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ფილ დევისი შარშან ტექნიკურ კონსულტანტად დავნიშნეთ და ახლა სწორედ ის აიღებს პასუხისმგებლობას გუნდის სათანადოდ მომზადებაზე. ფილი და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები გუნდთან შარშან ოქტომბრიდან მუშაობენ და გვწამს, რომ ისინი შეძლებს გუნდის მომზადებას და დასახული ამოცანის შესარულებას” - დაამატა ბასონმა. მისი თქმით, სამწვრთნელო შტაბს უახლოეს დღეებში უკანა ხაზის მწვრთნელი დაემატება.

რაც შეეხება ვერმულენის შემცვლელს, უელსელ ფილ დევისს, ის 51 წლისაა და 1985-1995 წლებში უელსის ეროვნულ ნაკრებში 46 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 2012-2014 წლებში, ის კარდიფ ბლუზის მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო 2014 წლიდან ნამიბიის ეროვნული ნაკრების ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობას იკავებდა.

მანამდე, ჯერ კიდევ ვერმულენის ხელმძღვანელობით, მწვრთნელებმა 50-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა ჩამოწერეს, რომელთაგან ინგლისში წასაყვენი 31 უნდა შეარჩიონ. ნამიბიელთა რაზმში 15 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც მსოფლიო თასზე მონაწილეობის გამოცდილება აქვს, ხუთ მათგანს კი, უდიდეს სარაგბო ტურნირზე მესამედ გამოსვლის შანსი ეძლევა: ჯონ რედელინგჰუსი, ნიკ ესტერჰიუზი, ჟაკ ბურგერი, ტინუს დუ პლესი და ეუჯინ ჯენტისი 2007 წლის საფრანგეთის და 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო თასის მონაწილეები არიან.

50-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში 27-ვე ის მორაგბე მოხვდა, რომლებმაც რუმინეთში, ბუქარესტის თასზე ითამაშეს და მათ დაემატათ ის მორაგბეები, რომელთაც დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის კლუბებთან თუ ფრანშიზებთან ვალდებულებები აკავშირებდათ და რუმინეთში ამის გამო ვერ გაემგზავრნენ. მათ შორის არიან ჟაკ ბურგერი (სარასენსი, ინგლისი), კრისანდერ ბოთა (ექსეტერი, ინგლისი), რენალდო ბოთმა (შარქსი, სამხრეთ აფრიკა), ტორსტენ ვან ჯარსველდი (ჩიიტასი, სამხრეთ აფრიკა) და დენი დამი (გრიკასი).

მწვრთნელის განკარგულებაში არიან ის ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომლებმაც თავი გამოიჩინეს “ვოდაკომის თასზე” კარგი თამაში. ნამიბია შეკრებას 1 ივლისს, ვინდჰუკში დაიწყებს და რუსეთთან ტესტ-მატჩების შემდეგ, მსოფლიო თასამდე აფრიკის თასის შეხვედრები ელის.

ნამიბიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: იოან კოეტცე, დე კლერკი, დუ ორესი, ჯაკო ენგელსი, რაულ ლარსონი, ჯონ რედელინგჰუსი, კასპერ ვივიერი, რატონი ბეკერი, შონ ესტერჰაუსენი, კალი სვანეპოელი, ლოუს ვან დერ ვესტჰიუზენი, ტორსტენ ვან ჯარსველდი, დიჯეი ვიესე, მორნი ბლომი, ულრიხ ენგელსი, ნიკო ესტერჰაუზე, ტჯიუ უანივი, ზეინ ბოტე, რენალდო ბოთმა, ჟაკ ბურგერი, ვიან კონრადი, ლენევე დამანი, ტინუს დუ პლესი, ტომსუა ფორბესი, როან კიტშოფი, როდერიკ ვიქტორი, ვან დერ მერვე, ვენ ლილი, ჯანკო ვენტერი;

უკანა ხაზი: არტურ ბოუ, ენეილ ბუიტენდა, ეუჟენ ჯენტისი, დამიან სტევენსი, ეთან ბუკე, ტეუნ კოტცე, შეან კალზემი, დანიელ არისი, დარილ დე ლა ჰარპე, იოჰან დაუსელი, გრეილინგი, ჰენრიხ სმიტი, დენი ვან ვიკი, ტუნა ამუტენია, დენი დამე, კონარდ მარიასი, დავიდ ფილანდერი, რასელ ვან ვიკი, კრისანდერ ბოთა, დივან ვოსოუ, იოჰან ტრომპი.

0.150747