ფეხბურთი

21:45 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

122, 72, 76,72, 101 რეიტინგში – საჭიროა დისკუსია

 

როგორც იცით, ფიფა-კოკა კოლას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 101-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის 53 ნაკრებს შორის, 43-ე პოზიციაზეა. ანუ, მხოლოდ 10 გუნდს უსწრებს, მათ შორის, 3 პოსტსაბჭოურს: ლატვიას, ლიტვასა და ყაზახეთს. 

საინტერესოა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა იმ დროს, როცა ქეცბაია დაინიშნა მწვრთნელად. 2009 წლის ბოლო თვის რეიტინგში საქართველო 122-ე იყო, ხოლო ევროპაში 47-ე. იმ დროს ნაკრებს მოგება დავიწყებული ჰქონდა. პრინციპში, არც ახლა ვართ მიჩვეულები (რბილად რომ თქვათ), მაგრამ მაშინ კატასტროფა ხდებოდა და ბულგარეთთან 2:6 მარცხი საერთოდაც სამარცხვინო იყო.

ქეცბაიას ნაკრებში მოსვლა და შედეგში პროგრესი ერთი იყო. 2010 წლის ბოლოს საქართველოს ნაკრები 72-ეზე იყო რეიტინგში, ანუ 50 პოზიციით აინაცვლა წლის განმავლობაში.

2011 წელი 76-ეზე დავასრულეთ, 2012 წლის ბოლოს ისევ 72-ეზე ვიყავით, თუმცა წლეულს სასიხარულო არაფერია: ნაკრები 101-ე საფეხურზეა.

“როცა ნაკრები ჩავიბარე, 10 მეტრის სიღრმეზე იყო დამარხული” – ამბობს ქეცბაია და მართალიცაა, თუმცა არაფერს ამბობს იმ ფაქტზე, რომ ეს იყო 4 წლის წინ, ხოლო ბოლო პერიოდში ნაკრები უკან-უკან მიდის.

ახალი გეგმა. აი, რა არის მთავარი: სწორედ ამაზე უნდა იყოს საუბარი დეკემბერში, რომელიც დაანონსდა – ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ქეცბაიას შორის აუცილებლად შედგებაო.  ამ გეგმაში იგულისხმება,  შესწევს თუ არა ძალა ქეცბაიას, რათა საგრძნობი რეგრესის შემდეგ, ისევ პროგრესის გზაზე დააყენოს ნაკრები და როგორ აპირებს ამას. თუ სულ ასეთი ჩხუბი და ერთმანეთის დაჭმა უნდა გაგრძელდეს, ასეთი ნაკრები ხომ წასაგებად განწირულია?..

მთელ ამ ორომტრიალში ყველაზე მართალი სიტყვა ლევან კობიაშვილმა თქვა – ერთმანეთის ჯიჯგნას მოვეშვათ და საღად შევხედოთ, რა ვაკეთეთ და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალშიო. დისკუსია და კითხვა-პასუხები არაა, თორემ შეურაცხყოფები და ღვარძლიანი ლაპარაკი კი, იცოცხლეთ. ეს ღვარძლიანი ლაპარაკი ზოგს თუ კარგი ტონი ჰგონია, არ ვიცით, მისი საქმეა.

ახლა სეირის ყურების დრო არაა. სჯობს, დასხდნენ მაგიდასთან და გეგმაზე ისაუბრონ, სანამ გვიანი არაა.  

0.117376