ფეხბურთი

13:32 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე წულაია: “ცხუმი” წარმატებული კლუბი იქნება”

თბილისში სასტუმრო “კოსტეში” საფეხბურთო კლუბ “ცხუმის” ფეხბურთელთა და მწვრთნელთა დაჯილდოვება შედგა, რომლებმაც მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში პირველი ადგილი დაიკავეს. “მსოფლიო სპორტი” კლუბის პრეზიდენტ ალექსანდრე წულაიასა და მთავარ მწვრთნელ ირაკლი ვასაძეს ესაუბრა. თავდაპირველად პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარი.

“კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის ფეხბურთელთა თამაშით. მათ მთელი სეზონის განმავლობაში თავდადებით ითამაშეს.

გასულ სეზონში “ცხუმმა” მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში წაუგებლად იასპარეზა, თუმცა ფლეი-ოფში დავუშვით პატარა შეცდომები და პირველ ლიგაში გადასვლა ვერ შევძელით.

ამ მატჩებმა გამოცდილება შეგვძინა. შემდეგ სეზონში გუნდის მიზანი პირველ ლიგაში გადასვლა იქნება.

ჩვენ გვსურს გვყავდეს მრავალწლიანი კლუბი, რომელიც წლების შემდეგ საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშით არ დაკმაყოფილდება. “ცხუმი” წარმატებული კლუბი იქნება.

საკმაოდ მტკივნეული თემაა კლუბის დაფინანსება. ამჟამად “ცხუმს” მე და ჩემი მეგობრები ვაფინანსებთ, თუმცა მიმდინარეობს კომერციულ კომპანიებთან მუშაობა. იმედი გვაქვს შეთანხმებას მივაღწევთ.

კლუბი გასულ სეზონში “შატილის” სტადიონზე ვარჯიშობდა და ასევე იქ ატარებდა მატჩებს. ამჟამად მიმდინარეობს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება სტადიონისა და ბაზის ტერიტორიის გამოყოფაზე. სანაცვლოდ ჩვენი კლუბი იღებს ინფრასტრუქტურის გამართვის ვალდებულებას” - აღნიშნა “ცხუმის” პრეზიდენტმა ალექსანდრე წულაიამ.

ასული სეზონის შესახებ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ვასაძემ ისაუბრა:

“მეორე ლიგაში წარმატებით ვითამაშეთ, თუმცა გამოცდილება არ გვეყო და პირველ ლიგაში გადასვლა ვერ შევძელით.

ვფიქრობ აუცილებელია გაძლიერება, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტი ჯერ არ არის შემდგარი. ამიტომ როგორც ტრანსფერებზე, ასევე სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდზე საუბარი გამიჭირდება.

ჩემი სურვილია მოხერხდეს შეკრების გავლა, რადგან “ცხუმის” მიზანი პირველ ლიგაში გადასვლა იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ სეზონში მეორე ლიგის ზონებში გამარჯვებული კლუბები ფლეი-ოფის მატჩების გარეშე გადავლენ პირველ ლიგაში, მომავალ სეზონში ანალოგიური შედეგის გამეორება მოგვიწევს” – აღნიშნა ვასაძემ.

“ცხუმში” რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობთ. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს 17-წლამდე ნაკრებისა და “დინამო თბილისი 2”-ის ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე მაჭავარიანი, რომელმაც გასული სეზონის 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში 15 გუნდი თამაშობს. გამართულ 28 მატჩში “ცხუმმა” 25 მოიგო, 3 კი ფრედ დაამთავრა.

შეგახსენებთ ფლეი-ოფის მატჩებში “ცხუმი” 0:2 დამარცხდა ცხინვალის “ლიახვთან”, ხოლო “იმერეთმა” ვასაძის გუნდს 3:0 მოუგო.

0.295402