“პარტიზანის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა სერბულ “ზლატიბორთან” მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ (4:0) განაცხადა, რომ გორის “დილას” სამი მატჩის ვიდეოჩანაწერი გუნდმა უკვე ნახა და მომავალ მეტოქეზე გარკვეული შთაბეჭდილება აქვს.
“დილას” სამი მატჩი ვიხილეთ და გამოჩნდა, რომ მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია და მის თამაშში რუსული საფეხბურთო სკოლის გავლენა იგრძნობა. “დილა” სწრაფი გუნდია და ფიზიკურად კარგად გამოიყურება. არ ვიცი პირველი მატჩის სახლში გამართვა რამდენად უპირატეს მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, “პარტიზანი” ნებისმიერ შეხვედრაში კარგად უნდა გამოიყურებოდეს.” – ციტირებს სერბი სპეციალისტის სიტყვებს mozzartsport.com.
“პარტიზანი” კვირას 28 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას რუსულ “მორდოვიასთან” ჩაატარებს, შემდეგ სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც სამ ტესტ მატჩს გამართავს, პირველი მეტოქე კი “რუდარი” იქნება.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს “დილა” “პარტიზან სთედიუმზე” 14 ივლისს გამართავს.