ჭადრაკი

13:04 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოპალოვსა და კარლსენს სტავანგერის ტურნირი არასოდეს დაავიწყდებათ

ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში დასრულდა ვაჟ მოჭადრაკეთა გრანდიოზული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც იშვიათი გამონაკლისის გარდა მსოფლიოს თითქმის ყველა წამყავი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ასპარეზობა ტურნირზე კარლსენის, კარუანას, ანანდისა და ნაკამურას შემდეგ მეხუთე რეიტინგის მქონე, მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ვესელინ ტოპალოვის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 6.5 ქულით (5 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება) პირველი ადგილი დაიკავა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ანანდსა და ნაკამურას ნახევარი ქულით გაუსწრო.

მართალია, ტოპალოვი თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლოსწინა მერვე ტურში გირთან დამარცხების შემდეგ მისი გაჩემპიონება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ანანდის სახით მას კონკურენტი გამოუჩნდა, რომელმაც ისარგებლა ტოპალოვის წაფორხილებით, მასპინძელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი ჰამერი დაამარცხა და მასსა და ტოპალოვს შორის სხვაობა ნახევარ ქულამდე შეამცირა. პირველი ადგილის ბედი ბოლო ტურში ტოპალოვისა და ანანდის შეხვედრაში წყდებოდა. მომავალი ჩემპიონის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან თავი კარგად დაიცვა, მისთვის სასურველ ყაიმს მიაღწია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ ტოპალოვისათვის სტავანგერის ტურნირის მოგება მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს, რადგან ტურნირზე უძლიერესი მოჭადრაკეები თამაშობდნენ და მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატადაც კი ითვლებოდა.

სტავანგერის ტურნირი ასევე გამორჩეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენის ბიოგრაფიაში, ოღონდ ტოპალოვისაგან განსხვავებით უარყოფითი კუთხით, რადგან მისგან ასეთ ჩავარდნას არავინ ელოდა. ბოლო ტურში კარლსენმა აუტსაიდერ ჰამერთანაც კი ვერაფერი გააწყო, აღნიშნულ ტურნირზე მეოთხე შეხვედრა წააგო, 9 შესაძლებლობიდან 3.5 ქულა დააგროვა და გრიშუკთან ერთად მეშვიდე-მერვე ადგილები გაიყო.

ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) 05-0.5

ლევონ არონიანი (სომხეთი) - ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) 0-1

ჯონ ლუდვიგ ჰამერი (ნორვეგია) - მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) 1-0

ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) - ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) 0.5-0.5

ფაბიანო კარუანა (იტალია) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0.5-0.5

გთავაზობთ სტავანგერის ტურნირის საბოლოო სატურნირო მდგომარეობას და მოჭადრაკეთა რეიტინგს, რომელიც მოჭადრაკეებს ტურნირის დაწყებამდე ჰქონდათ.

  1. ტოპალოვი (2798) – 6.5 ქულა
  2. ანანდი (2804) – 6
  3. ნაკამურა (2802) – 6
  4. გირი (2773) – 5.5
  5. კარუანა (2805) – 4
  6. ვაშიე-ლაგრავი (2783) – 4
  7. გრიშუკი (2781) – 3.5
  8. კარლსენი (2876) – 3.5
  9. ჰამერი (2677) – 3
  10. არონიანი (2780) – 3

0.117735