კოპა ამერიკის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართა პერუსა და ბოლივიას შორის. ბოლივია ჩილესთან განცდილი მარცხის (0:5) შემდეგ შოკიდან ვერ გამოვიდა და უშანსოდ 1:3 დამარცხდა (VIDEO).
ერთ დროს გერმანიაში, კერძოდ მიუნხენის “ბაიერნისა” და “ჰამბურგის” მობურთალმა პაოლო გერერომ ჰეთთრიკი შეასრულა. აწ უკვე “ფლამენგოს” თავდამსხმელმა მე-20, 23-ე და 74-ე წუთებზე ბოლივია არ დაინდო, ხოლო პრესტიჟის გოლი ჩინური “ჩენგჩუნ იატაის” თავდამსხმელმა მარსელო მორენომ თერთმეტმეტრიანის რეალიზებით 84-ე წუთზე გაიტანა.
31 წლის გერეროს ეროვნულ ნაკრებში 24 გატანილი გოლი დაუგროვდა, პერუს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში თეოდორო ფერნანდესს გაუთანაბრდა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ ტეოფილო კუბილიასს (26) ჩამორჩება.
ბოლივიის ნაკრებს ეკვადორთან მოგებულ (3:2) შეხვედრამდე კოპა ამერიკის ტურნირზე 18 მატჩში მოგება არ ჰქონდა. ეკვადორთან გამარჯვებით გუნდმა გულშემატკივრებს იმედის საფუძველი მისცა, თუმცა ბოლივია ბოლო ორი მატჩის ფონზე კვლავ წარუმატებელ დროს დაუბრუნდა.
ნახევარფინალში რიკარდო გარეკას შეგირდები, პაოლო გერეროს და კლაუდიო პისაროს ლიდერობით, ჩილეს ეროვნული გუნდის დამარცხებას შეეცდებიან. მატჩი 30 ივნისს 03:30 საათზე დაიწყება.