თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჟურნალ “საჭადარკო სამყაროს” წარდგენის პარალელურად თბილისში 13 ივნისს სტიქიური უბედურების გამო დაზარალებულთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მსურველებს შეეძლოთ ცნობილი ქართველი მოჭადრაკეების ავტოგრაფებით დამშვენებული საჭადრაკო ლიტერატურის, ჟურნალებისა და სხვადასხვა ნივთების შეძენა. თითოეული ნივთისთვის შესაძენი თანხა განსაზღვრული არ იყო და მსურველს შეეძლო სპეციალურად განკუთვნილ ყულაბაში ნებისმიერი თანხა ჩაეგდო. აქციიდან შემოსული მთლიანი თანხა 6370 ლარი თბილისის სტიქიის დროს დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიო ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე და სხვა პოლიტიკური და სპორტული პირები დაესწრნენ.