ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ამირან პაპინაშვილმა უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა და საუკეთესო შემთხვევაში მესამე საპრიზო ადგილს დაიკავებს.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ნომრად განთესილი ქართველი ისრაელის ნაკრების წევრ არტიომ არშანსკის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ხეროენ მუურენს ბოლო წამებამდე გაფრთხილებით უგებდა, მაგრამ ჯერ იუკოზე დავარდა, შემდეგ კი შებოჭვაზე მოჰყვა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც გერმანელ ტობიას ენგლმაიერს დაეჭიდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, "ბრინჯაოს ფინალში” აზერბაიჯანელი ორხან საფაროვისა და ესპანელი ფრანსისკო გარიგოსის წყვილში წაგებულს შეხვდება.
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან