ჩოგბურთი

23:31 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე დუსტოვია

უიმბლდონის კვალიფიკაციის მე-2 რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უზბეკი ფარუხ დუსტოვი იქნება, რომელიც 26-ე ნომრადაა განთესილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა რუმინელ ვიკტორ ჰანესკუს 6:4, 6:2 სძლია, დუსტოვს კი ბრიტანელ რიჩარდ ბლუმფილდთან უფრო გაუჭირდა – 4:6, 6:2, 6:1. უზბეკი კლასიფიკაციაში 132-ე ადგილზეა, ხოლო ნიკოლოზი მსოფლიოს 153-ე ჩოგანია.

საწყისი წრის დაძლევისთვის 8 სარეიტინგო ქულა იყო დაწესებული, მომდევნო შეხვედრა 16 ქულას იძლევა, ხოლო ძირითად ბადეში გასული ჩოგბურთელები 25 ქულას მიიღებენ.

საინტერესოა, რომ ბასილაშვილს მიზნის მიღწევის კარგი შანსი აქვს, რადგანაც დუსტოვის გავლის შემთხვევაში, არცთუ ძლიერ მეტოქეებს – უნგრელ მარტონ ფუჩსოვიჩს (რეიტინგში 165-ე) და ავსტრალიელ ბენჯამინ მიტჩელს (259-ე) შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ბასილაშვილის და დუსტოვის მატჩი 24 ივნისს, თბილისის დროით დაახლოებით 18:30 საათზე დაიწყება.

0.134815