საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ევროპის სუპერთასის ფინალის ბილეთებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სიჭინავას თქმით, Biletebi.ge-ის 48 საათიანი ვადა მიეცა. პრობლემის დაუძლევლობის შემთხვევაში ევროპული ფეხბურთის მართველო ორგანო ალტერნატიულ გეგმაზე გადავა.
“უეფასთან დასრულდა მოლაპარაკება. უეფას გადაწყვეტილებით Biletebi.ge -ს მიეცა 48 საათი პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ხუთშაბათს 17:30 საათზე სფფ-სა და უეფას შორის შედგება კიდევ ერთი საუბარი (სატელეფონო ან ინტერნეტის საშუალებით). იმ შემთხვევაში თუ Biletebi.ge ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მოგვიწევს გეგმა ბ-ზე გადასვლა, გეგმა ბ-ს შესახებ კი ხუთშაბათს 18:00 საათზე გიამბობთ.
გეტყვით, რომ არსებობს ამერიკული კომპანია, რომელიც მზადაა ამ პროცესში ჩასართველად. მოკლედ Biletebi.ge-ზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
იმ შემთხვევაში თუ გადავალთ გეგმა ბ-ზე, ბილეთების 80 პროცენტი გაიყიდება ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის” – განაცხადა სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
შეგახსენებთ, Biletebi.ge დაკისრებულ პასუხისმგებლობას 22 ივნისის დილის საათებიდან მოყოლებული ვერ ასრულებს. გულშემატკივრები აღნიშნულ ვებგვერდზე ვერ ახერხებენ ბილეთების შეძენას.