საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, რომელის 23 ივნისს ფეხბურთის ფედერაციაში გენერალურ მდივან რეზო არველაძეს შეხვდა განაცხადა, რომ იმ პირის მიმართ, ვინც ჯაბა კანკავასთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა, სადამსჯელო სანქციას გაატარებენ.
ნაკრების კაპიტან კანკავას ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 2 ყვითელი ბარათი ჰქონდა და ქართულ მხარეს ეგონა, რომ მას 13 ივნისს სტუმრად პოლონეთთან თამაშის უფლება არ ჰქონდა. თუმცა, უეფას რეგულაციებით ფეხბურთელი მატჩს 3 “ყვითელის” მიღების შემდეგ ტოვებს.
ცხადაძის აზრით, ამ შეცდომის მხოლოდ ერთ ადამიანზე გადაბრალება არ შეიძლება და ეს გუნდური პასუხისმგებლობის საკითხია. ნაკრების თავკაცი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან გაარკვევს თუ რა მოხდა. მომავალში ის აპირებს, რომ ერთ-ერთ თანაშემწეს მსგავსი საკითხების გადამოწმება დაავალოს.
“მსოფლიო სპორტთან” ცხადაძემ ისიც თქვა, რომ უეფას ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე თბილისის “დინამოს” აზერბაიჯანული “გაბალას” სახით სერიოზული მეტოქე ერგო. მისი აზრით, “დინამოს” რთული ბრძოლა ელის. ბოლო წლებში ცხადაძე აზერბაიჯანში მუშაობდა და ბუნებრივია, “გაბალას” შესაძლებლობები კარგად იცის.