კალათბურთი

15:43 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანტიჩმა მაკედონიის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მეტოქე მაკედონიას წამყვანი კალათბურთელი გამოაკლდა. გუნდის კაპიტანმა პერო ანტიჩმა განაცხადა, რომ მომავალ ევრობასკეტზე თამაშს არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა 24-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და მასში ანტიჩიც გახლდათ, თუმცა, როგორც სჩანს, ეს ნბა-ში ნათამაშებ კალათბურთელთან შეთანხმებული არ ყოფილა.

33 წლის მძიმე ფორვარდს ნბა-ში მორიგი სეზონი ჰქონდა და “ატლანტა ჰოუქსის” წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. ჯორჯიელებმა რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგი (60 მოგება, 22 მარცხი) დააფიქსირეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალსაც უწიეს, სადაც “კლივლენდ კავალიერზთან” დამარცხდნენ, ანტიჩის საშუალო მონაგარი კი 5.7 ქულა და 3.1 მოხსნა იყო.

სხვა საქმეა, რომ პერო თავისუფალი აგენტი ხდება და ამერიკულთან ერთად, ევროპულ ვარიანტებსაც განიხილავს. მოკლედ, კარიერის მიწურულს დამატებითი მილიონების გამომუშავება სურს და ამ ზაფხულს ნაკრებისთვის არ სცხელა. ანტიჩის განცხადება მაკედონიურმა “სპორტმა” გაავრცელა.

“ნაკრებში თამაშს არ ვაპირებ. უკვე ასაკში ვარ და ასეთი მძიმე გრაფიკის გაძლება გამიჭირდება. თანაც, ვფიქრობ, რომ ევრობასკეტზე იმ ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ, რომელთაც ნაკრებს საგზური საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუტანეს”.

შეგახსენებთ, რომ მაკედონიის და საქართველოს ნაკრებებს ფინალურ ეტაპზე თამაში C ჯგუფში მოუწევთ, სადაც მეტოქეებად მასპინძელი ხორვატია, საბერძნეთი, სლოვენია და ჰოლანდია ეყოლებათ. ქართულ-მაკედონიური დაპირისპირება ზაგრებში 9 სექტემბერს შედგება.

0.112294