საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის პირველ თამაშებზე სამი მედალი მოიპოვა. აზერბაიჯანული პოდიუმზე ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ) და დავით კარბელაშვილი (90 კგ) ავიდნენ. სამივე მესამე საფეხურზე.
ჩიდრაშვილი ევროთამაშებში ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაერთო, მაგრამ მორიგი ოქროსთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, აზერბაიჯანელ ისლამ გასუმოვთან გაფრთხილებით წაგებით. იქამდე ქართველმა მსუბუქწონოსანმა ბულგარელ ბორისლავ იანაკოვს 4:0 სძლია. რეპეშაჟის ფინალში კი რუმინელ ორლანდო გრუიას მტკივნეული ილეთით სძლია.
კახა მამულაშვილმა ძირითად ბადეში სლოვენიელი ტადეჟ სუტუკი 6:0 დაამარცხა, მაგრამ აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვთან ვეღარას გახდა (0:10) და "ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო, სადაც ბულგარელ მარტინ ივანოვს მოუგო (3:2).
დავით კარბელაშვილი უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლას რუსეთის ნაკრების წევრ ალსიმ ჩერნოსკულოვთან მარცხით ჩამოშორდა და უმალ "ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ კანან გასიმოვს აჯობა.
ევროპის თამაშებზე ნოდარ მეტრეველმა (+100 კგ), შორენა შარაძემ (60 კგ) და თეა სუხიტაშვილმაც (68 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგეს და სამივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.