ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშების მერვე დღეს ქართველ მოკრივეთაგან ყველაზე ბოლოს რინგზე გელა აბაშიძე გამოვიდა და თურქი სიპალ იონდერი დაამარცხა. მეორე რაუნდის მიმდინარეობისას ქართველმა მეტოქეს თავით წარბი გაუხეთქა და თურქმა ბევრი სისხლი დაკარგა. შეხვედრა არ გაგრძელდა და მსაჯებმა გამარჯვებულად აბაშიძე სცნეს.
ქართველი მოკრივე მეოთხედფინალში უკრაინელ იაროსლავ სამოფალოვს შეხვდება. დაპირისპირება 23 ივნისს შედგება.
21 ივნისს, 15:15 საათზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლევან გულედანი 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუს სადამ მაგომედოვს მერვედფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.
ხვალ, ბაქოში ქართველთაგან კიდევ ერთი მონაწილე გამოვა 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ირაკლი მელიქიშვილი 18:30 საათზე გერმანელ სოფა კასტრიოტს შეერკინება.