ფეხბურთი

20:38 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის მომავალი - თურქეთი ან საბერძნეთი

თბილისის "დინამოსა" და ბერძნული ოფის ყოფილი მოთამაშე გიორგი მერებაშვილი საბერძნეთიდან წამოსვლის შემდგომ უგუნდოდაა. ფეხბურთელი ბოლო პერიოდში საფეხბურთო კლუბ "ცხინვალში" ვარჯიშობდა და მისი კარიერაც შესაძლებელი იყო კახა კაჭარავას გუნდში გაგრძელებულიყო, თუმცა თავად 28 წლის შემტევის განცხადებით, იგი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. მისი თქმით, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამის შესახებ მერებაშვილმა "მსოფლიო სპორტს" განუცხადა.

"ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, ყველაფერი უახლოეს ხანებში გაირკვევა. დაინტერესება ქობულეთის "შუქურადან" და "ცხინვალიდან" იყო, სადაც ბოლო პერიოდში ვვარჯიშობდი და ამისათვის მინდა ამ გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო. კარიერას კი ალბათ, უცხოეთში გავაგრძელებ. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დაინტერესებულნი თურქული და ბერძნული გუნდები არიან, თუმცა კონკრეტულ კლუბებს ვერ დავასახელებ", - განაცხადა მერებაშვილმა ჩვენთან საუბარისას.

გიორგი მერებაშვილი ბოლოს "ოფი კრეტაში" ირჯებოდა, რომელსაც ფინანსური კრიზის შეექმნა და ქართველმა შემტევმა კლუბი დატოვა. ოფის რიგებში მან საბერძნეთის ჩემპიონატში 17 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეებს 4 გოლი გაუტანა.

0.121266