სოლომონ კვირკველია ყაზანის “რუბინთან” ერთად უეფას ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
ამის უფლება ყაზანელებმა მას მერე მიიღეს, რაც უეფამ ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის მოსკოვის “დინამოს” მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაში აუკრძალა.
განვლილ სეზონში “დინამომ” რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო “რუბინმა” – მე-5. უეფას რეგლამენტის თანახმად, თუ დისკვალიფიცირებული გუნდი ეროვნული თასის მფლობელი არაა, მაშინ, მას სატურნირო ცხრილში მომდევნო ადგილზე მყოფი გუნდი შეცვლის.
2014-2015 წლების სეზონში კვირკველიამ “რუბინის” რიგებში რუსეთის ჩემპიონატში 30 მატჩიდან 29 შეუცვლელად ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ერთი მატჩი მან დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა.