ფეხბურთი

13:02 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩილე და ბოლივია კოპა ამერიკის მეოთხედფინალში იასპარეზებენ (+VIDEO)

2015 წლის კოპა ამერიკის ტურნირზე A ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა და მეოთხედფინალისტთა ვინაობაც გაირკვა. შემდეგ ეტაპზე ჩილე და ბოლოვია ითამაშებენ, ხოლო ეკვადორის საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ჩილემ ბოლო ტურში ბოლივია 5:0 გაანადგურა (VIDEO). პირველ ტაიმში მესამე წუთზე არანგუისმა მეტოქის რბევა დაიწყო. 37-ე კი ალექსის სანჩესმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევრის შუაწელს არანგუისმა დუბლი შეასრულა, გარი მედელმა 79-ე წუთზე ანგარიში 4:0 გახადა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე რონალდ რალდესმა საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მიუხედავად განადგურებისა, ბოლივია ჯგუფში მეორე ადგილზე 4 ქულით გავიდა. აღნიშნული მატჩის დაწყებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ჩილესა და ბოლივიას დაპირისპირება ფორმალობა გახლდათ. ამ შეხვედრამდე მექსიკამ ეკვადორთან წააგო, შესაბამისად უნდა გარკვეულიყო, ვინ გახდებოდა ჯგუფის ლიდერი. ჩილეს ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა გულშემატკივრების წინაშე ღირსეულად ითამაშა.

ეკვადორმა მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაიტოვა. კინტეროსის შეგირდები მილერ ბოლანიოსის და ენერ ვალენსიას გოლების წყალობით 57-ე წუთზე მეტოქეს 2:0 ამარცხებდნენ. რაულ ხიმენესმა კი 64-ე წუთზე სხვაობა შემცირა, თუმცა დარჩენილ დროში მექსიკამ ვერაფერი შეძლო და ტურნირს გამოეთიშა (VIDEO).

ეკვადორს სამი ქულა მოუგროვდა და ახლა სხვა ჯგუფის შედეგებს დაელოდება. მექსიკისგან კოპა ამერიკის ტურნირზე დიდი მოლოდინი საკუთარ გულშემატკივრებსაც არ ჰქონდათ. მიგელ ერერამ რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი კონკაკაფის ოქროს თასის ტურნირისთვის დაასვენა.

20 ივნისს 23:00 საათზე პარაგვაი ურუგვაის დაუპირისპირდება და ამ მატჩით ბევრი რამ გადაწყდება. თუ ოსკარ ტაბარესის შეგირდები მინიმუმ ფრეს ითამაშებენ ან მატჩს მოიგებენ შემდეგ ეტაპზე ყველა ვარიანტში ორივე გუნდი გავა. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ არგენტინა იამაიკას აუცილებლად დაამარცხებს.

ურუგვაი მეოთხედფინალში ერთი ბურთით წაგების შემთხვევაშიც გავა, რადგან ეკვადორს ბურთების უარყოფითი ბალანსი აქვს (-2), ხოლო ტაბარესის შეგირდებს -1 ექნებათ. ბოლო ჯგუფში ყველა გუნდს 3 ქულა გააჩნია და პირველი ადგილოსნის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.

A ჯგუფი

1. ჩილე 3 2 1 0 10:3 7
2. ბოლივია 3 1 1 1 3:7 4
3. ეკვადორი 3 1 0 2 4:6 3
4. მექსიკა 3 0 2 1 4:5 2

B ჯგუფი

1. არგენტინა 2 1 1 0 3:2 4
2. პარაგვაი 2 1 1 0 3:2 4
3. ურუგვაი 2 1 0 1 1:1 3
4. იამაიკა 2 0 0 2 0:2 0

C ჯგუფი

1. ბრაზილია 2 1 0 1 2:2 3
2. პერუ 2 1 0 1 2:2 3
3. ვენესუელა 2 1 0 1 1:1 3
4. კოლუმბია 2 1 0 1 1:1 3

0.18619