რაგბი

11:49 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასის მატჩებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვიხილავთ

რაგბის ქართველი გულშემატკივარი მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების გარეშე არ დარჩება და სექტემბერ-ოქტომბერში ინგლისში მიმდინარე ბატალიების ხილვის საშუალება ექნება.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომწოდებელთან, რომელიც არ კონკრეტდება (ჩვენი ინფორმაციით SKY) შეთანხმებას უკვე მიაღწია და კონტრაქტზე ხელმოწერას წინ აღარაფერი უდგას. “მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და გაჩნდა რეალური საფრთხე იმისა, რომ მსოფლიო თასის მატჩების ტელევიზიით ხილვა ქართველი მაყურებლისათვის ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული მიმართულების მენეჯერმა ვოვა ნიკოლაიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში დამაიმედებელი განცხადება გააკეთა:

- რა სიტუაციაა მსოფლიო თასის თამაშების ტრანსლაციების უფლების შეძენასთან დაკავშირებით?

- ამ საკითხთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ბევრს ვერაფერს ვიტყვი და კონკრეტულ დეტალებზე ნურც შემეკითხებით. ამ მომენტისთვის დამაიმედებელი ინფორმაცია მაქვს, მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და ყველაფერი დადებითისკენ მიდის. სიტუაციას ოპტიმიზმით ვუყურებთ და სექტემბერში ქართველ მაყურებელს სარაგბო მატჩების ხილვის საშუალება ექნება.

- ვისთან აწარმოებთ მოლაპარაკებას?

- მოდით ასეთ დეტალებში ნუ შევალთ. ჩვენ არ გვაქვს თუნდაც იმის თქმის უფლება, ვისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ამ ეტაპზე ყველა დეტალი ორივე პარტნიორს შორის სრულიად გასაიდუმლოებულია. როდესაც კონტრაქტს ხელი მოეწერება, მერე ვიტყვით ვინ არიან ჩვენი პარტნიორები.

- ბრძანეთ, რომ თვეებია მოლაპარაკებები გრძელდება და რა იყო პროცესის ასეთი გაწელვის მიზეზი?

- გამყიდველსა და მყიდველს შორის სირთულეები ყოველთვისაა. იყო როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მომსახურების საკითხები. იყო პაკეტები, რომლებიც მხოლოდ ლიცენზიას ითვალისწინებდა და ტექნიკურ მომსახურებას არა, რაც დამატებით ხარჯებს იწვევდა. იყო სანახევრო პაკეტი, მოკლედ სხვადასხვა ვარიანტები. ჩვენთვის რა თქმა უნდა მხოლოდ სრული პაკეტი იყო მისაღები და ამ ვარიანტამდე ჩვენ უკვე მივედით.

- 2011 წლის მსოფლიო თასის დროს ყველა თამაშის ტრანსლაცია არ მოხდა და ახლა როგორ იქნება საქმე?

- ოთხი წლის წინ ჩვენ ყველა თამაშის ტრანსლირების უფლება გვქონდა შეძენილი. როდესაც ლიცენზიას იძენ, იქ ყველა თამაშის ჩვენების უფლება გაქვს. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ცოტა ხნის წინ. წინა ჩემპიონატის დროს ლიცენზია სრული თამაშების ვიყიდეთ, მაგრამ ტექნიკური მომსახურების ხარჯები მერე თითოეული მატჩისთვის დამატებით გავწიეთ. ახლაც ანალოგიური პრობლემის წინაშე ვიდექით და ჩვენ შევეცადეთ სრული პაკეტი შეგვეძინა ლიცენზიით და ტექნიკური მომსახურებით.

- ესეიგი, ამჯერად ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი იქნება?

- 35 თამაშის ჩვენებას ვგეგმავთ. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, თუ ერთი კვირის და 20 დღის წინ უიმედო სიტუაცია გვქონდა, დღეს ამ საკითხს ოპტიმიზმით ვუყურებთ და კონტრაქტს ხელი მოეწერება.

- საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 12-გუნდიან მსოფლიო თასზე გავიდა და გაისად თუ აპირებთ ინგლისიდან ამ ტურნირის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს?

- საზოგადოებრივ მაუწყებელს და კერძოდ, სპორტულ მიმართულებას, 2016 წელს ძალზედ დაძაბული რეჟიმი ექნება. მოგეხსენებათ, ამ წელს ტარდება ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, გვაქვს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები, ასე რომ, ამ ეტაპისათვის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ტრასლაციაზე არ ვფიქრობთ. ძალიან ძნელი იქნება ამ ტურნირის თამაშებისათვის საეთერო ბადეში ადგილის გამონახვა. ეს არაა სპორტული არხი, თორემ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა. აქ სხვა პროდუქციაც მზადდება და ბადე რის საშუალებასაც მოგვცემს, იმის მიხედვით მოვიქცევით.

- საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორია, რეგულარულად გადასცემს საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ფეხბურთსა და კალათბურთში. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრების ტრანსლირებაზე არ გიფიქრიათ?

- ამ კუთხითაც შეიძლება რაიმე შეიცვალოს. როდესაც ტელევიზიები ციფრულ მაუწყებლებზე გადავლენ, დამატებით არხებზე მუშაობისთვის ხელ-ფეხი გაგვეხსენება. წინასწარ არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ ამ საკითხსაც ოპტიმიზმით ვუყურებ.

0.122736