ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებისა და "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" თავდამსხმელ საიდო ბერაინოს ტრავმის გამო ჩეხეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატი გაუცდება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამაც დაადასტურა.
"ბერაინო საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე მატჩიდან ჩვენს გვერდით იყო და იგი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ. ვწუხვართ იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ დაგვეხმარება", - წერს საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდი.
"ვესტ ბრომვიჩის" ფორვარდს, რომელიც პატარა ინგლისელების ლიდერად ითვლება, "ვულვერჰემპტონის" ფორვარდი ბენიკ ეფოუბი შეცვლის. ეფოუბმა გასულ სეზონში "ვულვზის" რიგებში 23 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩს 18 ივნისს პორტუგალიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებს.