“მერანის” მთავარმა მწვრთნელმა შალვა ღონღაძემ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომე მომავალ სეზონში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მარტვილელთა გუნდი ძალიან გაახალგაზრდავებული შემადგენლობით იასპარეზებს.
- “მერანში” რა ხდება? სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად გუნდი დაშლის პირასაა...
- კლუბის სპორტულმა დირექტორმა ელდარ ბაკურიამ მითხრა, რომ “მერანში” ფინანსური კრიზისია. ამის გამო, სიტუაცია უცებ აირია და რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი გავუწყვიტეთ. შულაიას, გეგეჭკორისა და მელიავას გარდა, რომლებიც ადგილობრივები არიან, ყველა ჩამოსული ფეხბურთელი წავიდა. ეს სამეულიც ალბათ წავა, რადგან რამდენიმე ვარიანტი აქვთ.
17 ივნისს გამართულ კრებაზე გამოაცხადეს, რომ კლუბში ფინანსური კრიზისია. გუნდი არ დაიშლება, მაგრამ ჩემპიონატში დუბლშემადგენლობიდან და ჭაბუკთა ლიგიდან დაწინაურებული ფეხბურთელებით ვითამაშებთ.
კლუბის ვებგვერდზე დავდეთ განცხადება, რომლის თანახმად სინჯებზე 20 წლამდე პერსპექტიულ მოთამაშეებს ვიწვევთ. ისინი დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე გუნდების შესავსებად დაგვჭირდება.
- გუნდის მთავარი მწვრთნელი უკრაინელი ვლადიმერ ლობასი და თქვენ რჩებით?
- მწვრთნელებსაც დაგველაპარაკნენ და მოსაფიქრებლად თვის ბოლომდე ვადა ვითხოვეთ. ჩვენც ყველაფერ ავწონ-დავწონით და გადავწყვეტთ, გუნდში დარჩენა გვიღირს თუ არა. კარგად გესმით თითოეულს ოჯახები გვყავს. ვარჯიში 17 ივნისს დავიწყეთ და სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად ჯერჯერობით შულაია, ფონიავაცა და გეგეჭკორიც ჩვენთან იქნებიან.
- “მერანის” მეპატრონეებს ისე გაუჭირდათ, რომ კლუბს ვეღარ აფინანსებენ თუ ფულის დახარჯვა აღარ სურთ?
- შიდა სამზარეულოში რა ხდება, არ ვიცი. წლების განმავლობაში “მერანი” საქართველოში იმ სამ კლუბს შორის იყო, სადაც ხელფასები და პრემიები არ გვიანდებოდა. წარუმატებელი პერიოდიც რომ გვქონდა, ხელფასებს მაშინაც დროულად ვიღებდით. ახლა გვითხრეს, რომ კლუბში ფინანსური კრიზისია.