სხვა

23:06 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოშკაძე ფინალშია, მშვილდოსნები და მოკრივეებიც წინ მიიწევენ

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა საპლეიოფო რაუნდში წარმატებული სტარტი აიღო. ქართულმა სამეულმა ქრისტინე ესებუას, ხათუნა ნარიმანიძის და იულია ლობჟანიძის შემადგენლობით, დიდ ბრიტანეთს 5:3 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც 18 ივნისს უკრაინას გაეჯიბრება.

რინგზე ვიხილეთ კიდევ რამდენიმე ქართველი მოკრივე. 69 კგ. წონით კატეგორიაში გელა აბაშიძემ რუმინელი კონსტანტინ ოლარუ რაუნდების მიხედვით 3:0 დაამარცხა და 20 ივნისს, მერვედფინალში თურქ ონდერ სიპას გაეჯიბრება. ეს უკანასკნელი პირველ რაუნდში ისვენებდა.

64 კგ-ში ირაკლი მელიქიშვილმა ასევე 3:0 ლატვიელი არტურს აჰმეტოვსი დაამარცხა და 21 ივნისს, მერვედფინალში ძალებს გერმანელ კასტრიოტ სოპასთან დაპირისპირება ელის.

ბრძოლას გამოეთიშნენ ნიკოლოზ სეხნიაშვილი (81 კგ.) და გიორგი გოგატიშვილი (56 კგ.). პირველმა მათგანმა ბულგარელ რადოსლავ პანტალეევთან წააგო, მეორემ კი – ბრიტანელ ქაის აშფაქთან.

ბატუტზე ხტომაში შეჯიბრში კარგი შედეგი ჰქონდა თენგიზ კოშკაძეს. მან კვალიფიკაციაში 104.950 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე გავიდა, რისი წყალობითაც იმ 8 სპორტსმენს მოხვდა, ვინც 21 ივნისს ფინალში იასპარეზებს. ამავე სახეობაში თამარ კაკაშვილმა 91.525 ქულით მე-16 პოზიცია დაიკავა და ფინალში ვერ გააღწია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქართული დელეგაციის აქტივში 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა და ჩვენი გუნდი საერთო ჩათვლაში მე-20 ადგილზეა.

0.113207