ჭიდაობა

13:31 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო-ბრინჯაოს შანსი და დიდი იმედგაცრუება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბაქოს ევროპის თამაშების ფინალში გავიდა და ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერ ხეთაგ გაზიუმოვს დაეჭიდება. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯუმბერ ყველაშვილი "ბრინჯაოს ფინალში” იბრძოლებს. ეროვნული გუნდის ახალბედა ავთანდილ კენჭაძეც (65 კგ) ბრინჯაოსთვის აგრძელებს ბრძოლას. საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) კი საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

ელიზბარ ოდიკაძემ ფინალის გზაზე ლიტველი მინდაუგას რუმბუტისი (8:2 5:1), სლოვაკი იოზეფ ჯალოვიარი (6:2 0:0) და უკრაინელი ვალერი ანდრიიცევი (0:2 4:1) ჩამოიშორა.

ყველაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეთექვსმეტედფინალით დაიწყო, სადაც უკრაინის ნაკრების წევრ რუსტამ დუდაევს სუფთად მოუგო. გერმანელ გეორგ ჰარტსაც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გასცდა (3:2 4:0). პირველი მძიმე ბრძოლა კი მეოთხედფინალში გადახდა, პოლონელ კრისტიან ბრზოზოვსკისთან. ამ შეხვედრის პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ მეტოქის გაფრთხილებით მიღებული ერთადერთი ქულის წყალობით, მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე სამწუთეულში ორივე მოჭიდავემ 2-2 ქულა აიღო.

ერთი გამარჯვებაც და ყველაშვილს მედალი განაღდებული ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ნაკრების წევრ ანიუარ გედუევთან ვერაფერს გახდა. მე-2 წუთის მიწურულს, მაშინ როდესაც გედუევი 8-ქულიანი უპირატესობით (8:0) იგებდა, ჩვენებურმა უხერხულად დავარდნის გამო ბრძოლა ვადაზე ადრე შეწყვიტა.

რეპეშაჟის ფინალში ჯუმბერ ყველაშვილი ბელარუს ალი შაბანაუს დაუპირისპირდება.

ავთანდილ კენჭაძემ ძირითად ბადეში გამოსვლა იტალიელ ფრანკ ჩამიზო მარკესთან შეხვედრით დაიწყო და დაასრულა (1:0 3:4) და რეპეშაჟში მას შემდეგ გადაერთო, რაც იტალიელმა ფინალში ჭიდაობა გაინაღდა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც ჩვეულად დაიწყო – რუმინელი ანდრეი დუდკოვისა (1:0 2:0) და ალბანელი ისლამ ისლამაჟის (10:0) ძლევის შემდეგ ნახევარფინალში გავიდა და სწორედ ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში მოხდა ინციდენტი, რომლის გამოც ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველი მსუბუქწონოსანი შეჯიბრებიდან მოხსნეს. ბელარუს ულადისლაუ ანდრეიუსთან ნახევარფინალური დაჭიდების მეორე პერიოდის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ბელარუსი 2:1 იგებდა, ჭიდაობა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც მსაჯებმა ორივე ნახევარფინალისტი მოხსნეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლები.

0.121886