ჩოგბურთი

0:28 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

თელავის ტურნირის მერვედფინალში 5 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს

თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში 5 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს, მათგან 2 კი ერთმანეთის პირისპირ დადგება.

პირველ ნომრად განთესილმა მარიამ ბოლქვაძემ სლოვაკი მონიკა სტანიკოვა 6:4, 6:1 დაამარცხა და ძალებს თინათინ ყავლაშვილთან მოსინჯავს, რომელმაც უკრაინელ ანასტასია ჟოვტიუკს სძლია – 6:2, 6:2.

ანა შანიძემ ამერიკელი საბრინა ფაიბიშევა დაჯაბნა (6:4, 6:0) და რუს ალინა კისლიცკაიას გაეჯიბრება. საწყისი რაუნდი დასძლია მე-8 ნომრად მიჩნეულმა თამარ ჭალაგანიძემაც. მან მოლდოველ იულია ჰელბეტს 6:4, 3:6, 7:6 (7:4) მოუგო და ახლა, უკრაინელ კატარინა ზავაცკას დაუპირისპირდება.

მერვედფინალშია თამარ კუტუბიძეც, რომელმაც საწყის შეხვედრაში თანემამამულე ლანა კენჭიაშვილს 7:6 (7:2), 6:2 სძლია. მისი მომდევნო მეტოქე ბელგიელი ეუჟენი ჩაპელე იქნება.

წყვილებში ჭალაგანიძემ და კუტუბიძემ მოლდოველი ტიშჩენკო და რუსი ვაინბერგი 6:7 (4:7), 6:4, 10:8 დაამარცხეს და მეოთხედფინალში იტალიელ ნატალის და იაპონელ შიმიზუს გაეჯიბრებიან.

მე-2 რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ რუსებს – ალეშჩევას და ზაბიროვას ეთამაშებიან ბოლქვაძე და ყავლაშვილი, რომელთაც ჰოლანდიელი ჰუსაკი და სლოვაკი სტანიკოვა დაჯაბნეს – 6:3, 2:6, 10:1.

0.114662