ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებზე მყოფი საქართველოს დელეგაციისთვის 16 ივნისი იმედისმომცემი გამოდგა. მართალია, იმ სახეობებში, რომლებშიც ჩვენი სპორტსმენები გამოდიან, მედლები არ გათამაშებულა, მაგრამ მშვილდოსნებმა და ჯერჯერობით საქმეში ჩართულმა ერთადერთმა მოკრივემ, კარგად დაიწყეს.
საქართველოს ნაკრების მოკრივეთაგან ერთადერთი, ვისაც კენჭისყრამ სამშაბათს რინგზე გასვლა არგუნა, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ ერანოსიანი იყო. მას ლატვიელი არტიომას რამლავსი დაუპირისპირდა, მაგრამ ერანოსიანის უპირატესობა აშკარა გახლდათ და გამარჯვებაც მას ერგო. 20 ივნისს, მერვედფინალში, ოთარს 2006 წლის ევროპისა და 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონ, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ალბერტ სელიმოვთან მოუწევს ბრძოლა.
მშვილდოსნებში თავიდან ვაჟთა ინდივიდუალური შეჯიბრებაში ლაშა ფხაკაძემ მოსინჯა ძალა და საკმაოდ კარგადაც – საკვალიფიკაციო ეტაპზე 669 ქულა მოაგროვა, რაც, გარდა იმისა, რომ მისი პირადი რეკორდის გაუმჯობესებაა, მეათე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი და ახლა, მეთექვსმეტედფინალში სლოვაკ ბორის ბალაზთან უნდა გაარკვიოს ურთიერთობა.
ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ხათუნა ნარიმანიძე მეოთხე ადგილზე გავიდა, ქრისტინე ესებუა – 24-ზე, ხოლო იულია ლობჟანიძე – 30-ზე. შემდეგ ეტაპზე ნარიმანიძე აზერბაიჯანელ იაილაგულ რამაზანოვას შეხვდება, ესებუა თურქ – ბეგუნჰან უნსალს, ხოლო ლობჟანიძე – დანიელ კარინა როსენვინგს.
ქალთა გუნდურ შეჯიბრებაში საქართველო მეხუთეზე გავიდა და მერვედფინალში ბრიტანეთთან უნდა გაარკვიოს ურთიერთობა, ხოლო შერეულ გუნდებში მესამეზე გასულებს რუმინელების ბარიერი გველის.