ფეხბურთი

11:47 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ იდალგო: ”რეალის” მწვრთნელობას და საფრანგეთის სპორტის მინისტრობას მთავაზობდნენ”

ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელსა და მწვრთნელს მიშელ იდალგოს საფეხბურთო გულშემატკივრისთვის ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ესპანური ფესვების მქონე იდალგოს პირენული პრესის წარმომადგენლები ხშირად უკავშირდებიან და ჩვენც ექსდამრიგებლისა და რეპორტიორის ერთ-ერთ დიალოგს შემოგთავაზებთ.

- რა გრძნობა გეუფლებათ ესპანეთში ყოფნისას?

- მადრიდი მამაჩემის სამშობლოს დედაქალაქია. იგი ვალიადოლიდში დაიბადა და სამოქალაქო ომის გამო იძულებული გახდა საფრანგეთში გადაბარგებულიყო. პირველად სწორედ ეს მაგონდება, როცა ფეხს კასტილიის უმთავრეს ქალაქში დავადგამ ფეხს. ამის შემდეგ კი უკვე პლანეტის ყველა დროის საუკეთესო გუნდზე, ”რეალზე” ვფიქრობ.

- 1970 წელს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყეთ მუშაობა, 1976-დან კი ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაგნიშნეს. იმავე წელს შედგა მიშელ პლატინის საპირველსანაკრებო დებიუტი...

- მიშელი ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო, როცა ეროვნული გუნდის შეკრებაზე ვიხმე. მაშინ პლატინი 19 წლისა გახლდათ. მიშელმა კარგად აღზრდილი და განათლებული ახალგაზრდის შთაბეჭდილება დატოვა. მასზე შეხედულება არც მოგვიანებით შემიცვლია. მისი დებიუტი კი მხიარულ ისტორიას უკავშირდება.

- იქნებ, მკითხველს მოვუთხროთ...

- ჩეხოსლოვაკიას ვეთამაშებოდით. პლატინი მინდორზე 15 წუთის შესული იყო, როცა 1976 წლის ევროპის ჩემპიონთა კარიდან 25-იოდე მეტრის მოშორებით ჯარიმა დაინიშნა. დებიუტანტი ჩვენი ნაკრების კაპიტანს ანრი მიშელს მიეჭრა და სტანდარტული მდგომარეობის გათამაშება მოსთხოვა. ”აა, დარტყმა გსურს? მიდი, იქნებ, გოლი გაიტანო”, - უპასუხა მიშელმა და რაოდენ დიდი გახლდათ მისი გაკვირვება, როცა პლატინიმ ბურთი ცხრიანში გაახვია. მიშელი გენიალური ფეხბურთელი იყო, თავდაჯერებული, მტკიცე ხასიათის მქონე... საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე.

- პლატინის ზიდანზე წინ აყენებთ?

- პლატინი ზედიზედ სამჯერ გახდა იტალიური სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი. ზინედინი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მიშელისნაირი შედეგიანობით ვერ დაიკვეხნის. ანალოგიური კითხვა ”იუვენტუსის” პრეზიდენტ ანიელისაც დაუსვეს და იცით, როგორი იყო მისი პასუხი? ზიდანის თამაშს ნეტარება მოაქვს, პლატინისას კი მოგებაო. მართლაც კარგი ნათქვამია.

- 1982 წელს მუნდიალის ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა დაგაკლდათ...

- წესითა და რიგით, სევილიაში გერმანელები უნდა დაგვემარცხებინა. მსაჯი მოწინააღმდეგის მხარეს იყო. გაიხსენეთ, როგორი მძიმე ტრავმა მიაყენა ჰარალდ შუმახერმა პატრიკ ბატისტონს! როდესაც იგი მინდვრიდან საკაცეთი გაყავდათ, გრძნობა დაკარგული ჰქონდა და მხოლოდ ხელი უთრთოდა. მაყურებელს ეს რომ არ შეემჩნია, პლატინიმ პატრიკს ხელში ჩაჰკიდა და ასე გააცილა სამედიცინო დახმარების მანქანამდე. თქვენ წარმოიდგინეთ, არბიტრს შუმახერი არც კი დაუჯარიმებია.

- სამაგიეროდ, ევროპის პირველობაზე გაიღიმათ ბედმა და კონტინენტის ჩემპიონები გახდით...

- სევილიის ”რამონ სანჩეს პისხუანზე” განცდილი ფიასკოს შემდეგ მეც და ბიჭებსაც ფეხბურთისთვის თავის განებება გვინდოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ზრახვა თავიდან მალე ამოვიგდეთ. ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა და მშვენიერი შესაძლებობა მოგვეცა, ”სევილიური კოშმარის” დასავიწყებლად. პირველობის მოგების მიუხედავად, ეს მაინც მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა.

- კონტინენტის პირველობა იმ სტადიონზე მოიგეთ, რომელზეც ”სტად დე რეიმსმა” ”რეალთან” ჩემპიონთა თასის ფინალი წააგო. თანაც, საფრანგეთმა ფინალში ესპანელებს სძლია...

- ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლების მოპოვება უფრო რთულია, ვიდრე მუნდიალზე. კონტინენტის პირველობაზე ხომ შედარებით სუსტ მოწინააღმდეგეს ვერ შეხვდები. ხომ გახსოვთ, რა დრამატული გამოდგა პორტუგალიასთან ჩატარებული ნახევარფინალი. დასავლეთპირენელებს მხოლოდ დამატებით დროში, მატჩისშემდეგომი პენალტებიის სერიის დანიშვნამდე წუთნახევრით ადრე მოვუგეთ.

- გადამწყვეტი მატჩის მოგებაში ”დიდი სამსახური” გაგიწიათ ესპანელთა გოლკიპერის ლუის მიგელ არკონადას უნებლიე შეცდომამ...

- დღემდე ვერ ამიხსნია რა დაემრთა ბასკ მეკარეს... მას ბურთი ისე დაუსხლტა, როგორც ხილის რბილობიდან კურკა. კიდევ კარგი ესპანელებს მეორეც გავუტანეთ, თორემ მარცხი მთლიანად არკონადას დაბრალდებოდა. დიდებული მეკარე საამისოდ არ მემეტებოდა.

- ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ერთ ნაბიჯში იყავით მადრიდის ”რეალის” მთავარმწვრთნელად დანიშვნისგან. იქნებ დაწვრილებით მოგვითხოთ იმდროინდელი ამბავი...

- კლუბის ხელმძღვანელობა ჩემის ჯერ კიდევ ევროპის პირველობამდე დაინტერესდა. ეროვნული გუნდი შეკრებაზე მყავდა, როცა მადრიდიდან პერპინიანში მადრიდელებმა თვითმფრინავი გამომიგზავნეს და რამდენიმე საათით კასტილიაში გადამაფრინეს. 9 წლის განმვლობაში საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლად მუშაობამ დამღალა და დასვენება გადავწყვიტე. თანაც, ესპანური არ ვიცოდი და უარი რომ ვთქვი, ამ ფაქტმაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.

- სადღეისო გადასახედიდან არ ნანობთ?

- დღემდე გული მწყდება, ასეთ დიდ კლუბში მუშაობაზე უარი რომ განვაცხადე. თანაც, მამაც ხომ ესპანელი იყო... საფრანგეთის სპორტის მინისტრის პორტფელსაც მთავაზობდნენ, მაგრამ პოლიტიკა ჩემი საქმე არაა. ერთ დროს ქარხანაში მუშად ვმუშაობდი, ამიტომაც მინისტრის პოსტი წარმოუდგენლად მეჩვენა.

0.156645