ფეხბურთი

12:36 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიას მოგება გაუჭირდა, ვენესუელამ კოლუმბია დაამარცხა (+VIDEO)

2015 წლის კოპა ამერიკის ტურნირზე მესამე სათამაშო დღემ ჩაიარა. მიმდინარე ჩემპიონატზე ლიდერებს მძიმე ბრძოლები აქვთ და არც C ჯგუფის მატჩები გახლდათ გამონაკლისი.

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს პერუს დასამარცხებლად 92 წუთი დასჭირდა. მესამე წუთზე კრისტიან კუევამ “სელესაო” სწრაფი გოლით დაამწუხრა. დუნგას შეგირდებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს – დანი ალვეშის გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით ნეიმარმა წონასწორობა აღადგინა და სანაკრებო დონეზე 44-ე გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ “ბარსელონას” თავდამსხმელს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა: ჯერ პერუელთა მცველმა ცარიელი კარიდან ბურთი გამოიტანა, შემდეგ კი მეტოქე კარის ძელმა იხსნა. ნეიმარი საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა და საბოლოოდ დუგლას კოსტა, მატჩის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კარგ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც ზუსტი დარტმით ბრაზილიას სამი ქულა მოუტანა.

პერუელები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდნენ და ბრაზილიას ტოლი არ დაუდეს, თუმცა სასურველი ანგარიში მაინც ვერ დააფიქსირეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დაასახელეს.

აღნიშნული გამარჯვება ბრაზილიისთვის რიგით მეთერთმეტე გახლდათ. მუნდიალზე ნაჩვენები საშინელი თამაშის შემდეგ, რაც ლუიშ ფელიპე სკოლარი დუნგამ შეცვალა, გუნდს შედეგი აქვს. დუნგას ნაკრებში გერმანიათან ნათამაშებ ფეხბურთელთაგან მხოლოდ 6 ჰყავს.

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის ბოლო 6 ტურნირიდან 4 მათგანში იმარჯვა. ბოლო სამიდან კი ორი მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს ვენესუელას წინააღმდეგ მატჩში ბურთის ფლობის პროცენტული უპირატესობა ჰქონდა, ხოსე პეკერმანის შეგირდებმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი “ზენიტის” ფეხბურთელმა ხოსე რონდონმა მე-60 წუთზე გუერას გადაცემის შედეგად გაიტანა.

ფალკაოს კაპიტნობამ კოლუმბიას ვერ უშველა. სატრანსფერო ღირებულებით პეკერმანის კოლექტივი ვენესუელას საგრძნობლად აღემატება, თუმცა ეს შედეგის მომტანი ზოგჯერ არაა ხოლმე.

ნოელ სანვისენტეს შეგირდები C ჯგუფში ბრაზილიასთან ერთად 3-3 ქულით ლიდერობენ. ვენესუელა მომდევნო შეხვედრას პერუს წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ბრაზილია – კოლუმბიის. იმ შემთხვევაში თუ ლიდერები გაიმარჯვებენ, მომდევნო ეტაპის საგზურს ნაადრევად მოიპოვებენ.

0.417867