ფეხბურთი

21:57 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელებთან 19-წლამდელებიც დამარცხდნენ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საწვრთნელი შეკრების ფარგლებში პოლონელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

თბილისში, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, რაფაელ იანასის გუნდმა ორივე ტაიმი 1:0 მოიგო და გოლის გაშვების გარეშე დაასრულა მატჩი.

ფიზიკური კონდიციების მხრივ პოლონელები მეტოქეზე უკეთ იყვნენ მომზადებულნი, ვასილ მაისურაძის მოთამაშეები კი ტექნიკის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, თუმცა მასპინძლებს უჭირდათ გააზრებული შეტევების განხორციელება.

21-ე წუთზე ანგარიში კაროლ სვიდერსკიმ გახსნა. ქართველმა მცველებმა შეუთანხმებლად იმოქმედეს, რასაც “იაგიელონიას” მოთამაშეს გოლი მოჰყვა. სვიდერსკიმ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და ქურდაძეს ოდნავ მახვილი კუთხიდან გაუტანა.

ალბათ ხაზგასასმელია, რომ 18 წლის კაროლ სვიდერსკი “იაგიელონიაში” ნიკა ძალამიძის თანაკლუბელია და პოლონურ ექსტრაკლასში სადებიუტო გოლი გასულ თვეში გაიტანა.

მან დღევანდელ მატჩში დუბლი შეასრულა, თუმცა გოლებს შორის იყო საპასუხო შეტევები.

საქართველოს ნაკრების შეტევისას გუნდის კაპიტანმა გურამ გოშთელიანმა ქუსლით ორიგინალური პასი გაუკეთა გიორგი ბერიძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მის დარტყმული მეკარემ ფეხით მოიგერია.

გიორგი ბერიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფრანგულ “ლილში” სინჯებზე იმყოფებოდა, მატჩის მიმდინარეობისას ახერხებდა შეტევების გამწვავებას, თუმცა ხან პას აგვიანებდა, ხან სიზუსტე აკლდებოდა, ხანაც ბურთს დიდხანს ათრევდა და შეტევის მიმართულებას ანელებდა.

რამდენიმე წუთში გოშთელიანმა კვლავ მიიღო ორიგინალური გადაწყვეტილება და ქუსლით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ბექა მიქელთაძე. პოლონელმა მეკარემ მიქელთაძის დარტყმაც მოიგერია და ვითარება განიმუხტა.

მეორე ტაიმში მაისურაძის გუნდი ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა 68-ე წუთზე სვიდერსკიმ დუბლი შეასრულა. შეხვედრაც ესე მორჩა. მეორე ნახევარში კი ქართველებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ.

გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონელებთან დამარცხდა, დღეს კი 19-წლამდელები თანატოლებთან დამარცხდნენ. მართალია დღევანდელი მატჩი ამხანაგური იყო, თუმცა ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებიდან გამომდინარე ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრებების წარუმატებლობა ლოგიკურია.

შეგახსენებთ 16 ივნისს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება პოლონელებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველო – პოლონეთი 0:2 (0:1)

14 ივნისი, თბილისი, “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი”

საქართველო: ქურდაძე, თვარაძე (კიკნაძე 46), კამლაძე, მამუჩიშვილი, ნემსაძე, კომახიძე, ბაშელეიშვილი, ალთუნაშვილი (ღვინაშვილი 46), გოშთელიანი (კაპიტანი), ბერიძე (გვარაძე 75)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

პოლონეთი: ფრაცლაკი, სპიშალი (კვასნევსკი 65), კრუსცელი, ბორეცკი, ვოზაკი (ზმიჟნიევსკი 65), პურზისკი (კაპიტანი), ბარტკოვიაკი, რიზკოვსკი, სვიდერსკი, კენზია, სკოვრონი

მთავარი მწვრთნელი: რაფალ იანასი

გოლები: 0:1, 0:2 სვიდერსკი (21, 68)

მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი (საქართველო)

გაფრთხილება: კრუსცელი (43)

0.106056