ბაქოში მიმდინარე პირველი ევროპული თამაშების საწყის დღეებში ქართველი ქომაგების ყურადღება საჭიდაო ბატალიებისკენ იყო მიპყრობილი, ასპარეზზე კი კიდევ რამდენიმე ჩვენი თანამემამულე გამოჩნდა, რომელთაც სახარბიელო შედეგები ნამდვილად არ ჰქონიათ.
პირველი დღე უიღბლო იყო ქართული კარატეს ერთადერთი წარმომადგენლის. ირაკლი ტყებუჩავა, რომელიც 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, სამივე ბრძოლაში დამარცხდა – აზერბაიჯანელ ნიაზი ალიევთან (2:0), ესპანელ მანუელ რუის რასეროსთან (5:1) და ფრანგ სტივენ და კოსტასთან (1:0). შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმა პლეი-ოფში ვერ გააღწია.
სამთო რბოლაში ვერაფრით გაგვახარა ველოსიპედისტმა ბესიკ გავაშელმა. მთის რბოლაში მონაწილეობას 43 სპორტსმენი იღებდა, რომელთაგან ხუთმა რბოლა ვერ დაასრულა, გავაშელმა კი მხოლოდ აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა და 37-ე ადგილი დაიკავა. ბესიკი გამარჯვებულს წრეზე მეტით ჩამორჩა.
ცუდი შედეგი ჰქონდა ვლადა კოსიცკასაც, რომელიც 500-მეტრიან დისტანციაც კანოებით შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას. ქართველმა გოგონამ თავის ჯგუფში ბოლო მე-9 ადგილი დაიკავა და პირველ პოზიციაზე გასულ პოლონელს 17,5 წამით (!) ჩამორჩა, რაც მთლიანად კვალიფიკაციაში უარესი მაჩვენებელი იყო.
კარგი ამბები არ მოსულა სპორტულ ტანვარჯიშში შეჯიბრიდანაც, სადაც ვაჟებში პაატა ნოზაძემ 38.599 ქულით 46-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ქალებში ნატო ძიძიგურს 24.099 ქულით 50-ე პოზიცია ერგო.