ფეხბურთი

17:26 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე: “ბოლო 5 წუთი კატასტროფა იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელიმა კახა ცხადაძემ ვარშავაში პოლონეთთან წაგებული (0:4) ევროშესარჩევის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაში ბოლო წუთამდეა საჭირო. ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ბოლო წუთები “ჯვაროსნებმა” ჩააგდეს და კატასტროფული იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 89-ე წუთამდე 0:1 აგებდა, ამის შემდეგ კი 89-ე, 92-ე და 93-ე წუთებზე რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთრიკი შეასრულა.

“შედეგი ასახვაა ჩატარებული მატჩის. ფეხბურთი 90-წუთიანია დამატებით დროსთან ერთად. ბოლო ხუთი წუთი კი კატასტროფა იყო. შეხვედრაში ბოლომდე უნდა ითამაშო. რაც მატჩის მიწურულს მოხდა ჩვენთვის მიუღებელი გახლდათ. შედეგზე პასუხისმგებელი ვარ. უნდა გავაანალიზოთ შეცდომები, თამაშში ცვლილებები, რაც გუნდის განვითარებაზე აისახება. 87 წუთის განმავლობაში, მაშინ როდესაც 0:1 ვაგებდით, ვდომინირებდით, მაგრამ მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ბოლო სამი წუთის შესახებ საუბარი არ მინდა, კატასტროფა იყო.” – ციტირებს noga.pl ქართველი სპეციალისტის სიტყვებს.

კახა ცხადაძემ პოლონელთა შესახებაც ისაუბრა: “პოლონეთი მანქანა, რომელიც უკვე მუშაობს და ფეხბურთელები კარგად თამაშობენ. მათ შეუძლიათ ბევრს მიაღწიონ. თითოეულმა მათგანმა იცის რა უნდა გააკეთოს და სადაა მისი ადგილი მოედანზე. პოლონეთს ყველაფერ კარგს ვუსურვებ.”

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევის მომდევნო მატჩს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ 4 სექტემბერს ჩაატარებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

0.113872