ფეხბურთი

13:38 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ადამ ნავალკა: “მატჩი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდება”

პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩი მისი გუნდისთვის დადებითი შედეგით დასრულდება.

ადამ ნავალკა: “მომზადებით კმაყოფილი ვარ. გეგმა პრაქტიკულად 100 პროცენტით შევასრულეთ. მომავალ შეხვედრაში ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპს კიდევ უფრო მიგვაახლოვებს. ჩემი აზრით, მატჩი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდება”.

პოლონეთის ნაკრების თავკაცმა ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთელებს მომზადების მხრივ პრობლემა არ აქვთ:

“ჩვენ გამძლეობაზე და სპრინტზე ტესტები ჩავატარეთ. ყველა მწყობრშია. მათთვის ვინც სეზონი ადრე დაასრულა სპეციალური გეგმა გვქონდა შემუშავებული, ასევე, მათთვის ვისაც თამაში ბოლო დრომდე უწევდა. მოთამაშეებმა შეკრება მაღალი გონებრივი და ფიზიკური მომზადების დონით დაიწყეს. ფეხბურთელები ვარჯიშების დროს ძალიან კარგად მოძრაობდნენ და დღიდან დღემდე უმატებდნენ”.

ნავალკა იმედოვნებს, რომ მისი ფეხბურთელები მომავალი მატჩისთვის დასახულ გეგმას განახორციელებენ:

“ჩვენი სუსტი და მეტოქის ძლიერი მხარეები უნდა ვიცოდეთ. ეს ჩვენი სტრატეგიაა, რათა მატჩი დადებითი შედეგით დავასრულოთ. გეგმას განვახორციელებთ, რადგან მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს. საზრუნავი არ მაქვს, რადგან შემოქმედებითი ფეხბურთელები გვყავს”.

პოლონელთა მწვრთნელმა დაამატა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩის მსვლელობის დროს რამდენიმე სათამაშო ვარიანტს განიხილავს:

“თითოეული მატჩისთვის ტაქტიკა მოედანზე განვითარებული მოვლენიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ. შესაძლოა, მაგალითად გოლი გავუშვათ. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვერ შეუტევ და პრესინგს ვერ ითამაშებ. ჩვენ ან სწრაფად უნდა შევუტიოთ ან მეტოქე ჩვენს ნახევარზე გადმოვიყვანოთ და მერე შევუტიოთ. ვარჯიშებზე ამაზე ვმუშაობდით”.

ნავალკას თქმით, პოლონელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი, ხოლო ინტერნეტპორტალმა polskieradio.pl-მ საქართველოს ნაკრებთან პოლონელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა:

ფაბიანსკი, გლიკი, შუკალა, პიშჩეკი, ენჯეიჩიკი, იოდლოვეცი. კრიხოვიაკი, ბლაშიკოვსკი, გროსიცკი, მილიკი, ლევანდოვსკი.

0.116264