ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშების პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საუკეთესო შემთხვევაში ერთ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს. პოდიუმზე ასასვლელად 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მინდია წულუკიძე იბრძოლებს, რომელმაც უმაღლესი სინჯის მედლისთვის ჭიდაობის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, უნგრელ ბალინტ კორპასისთან წაგებით (1:7).
რეპეშაჟის ფინალში წულუკიძე გერმანელ ფრანკ სტაბლერსა და შვედ ზაკარიას ტალროთს შორის მოგებულს დაეჭიდება.
დღესვე, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე საქართველოს დროშის ქვეშ გიზო მელაძე (59 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და მიხეილ ქაჯაიაც (98 კგ) გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ და მას შემდეგ, რაც ფინალში ვერც მათმა მძლეველებმა გააღწიეს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგეს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათიდან დაიწყება.