ფეხბურთი

12:41 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “ამ გუნდს ფრეზე თამაში არ შეუძლია”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 13 ივნისს პოლონეთის ნაკრებთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალი დაპირისპირების შედეგი იმისგან განსხვავებული იქნება, რომელიც შარშან შემოდგომაზე თბილისში დაფიქსირდა.

კახა ცხადაძე: “ნოემბერში დაფიქსირებული 0:4 ანგარიში ჩვენს თამაშზე არ აისახება. მომავალი მატჩის შედეგი შესაძლოა განსხვავდებოდეს. იმ შეხვედრის შემდეგ, გუნდი და მისი სათამაშო სტილი შეიცვალა. ჩვენ სხვა სათამაშო ტაქტიკა გვაქვს. კარგი შეკრება გავიარეთ და თამაშისთვის სრულებით მზად ვართ”.

ქართველთა თავკაცმა აღნიშნა, რომ ლევანდოვსკის შესაძლებლობა კარგად იცის, მაგრამ თამაშს ერთი კაცი ვერ იგებს:

“ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და შედეგი მთელ გუნდზეა დამოკიდებული. კარგად ვიცით, რომ ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრების უპირველესი “ვარსკვლავია”, მაგრამ ერთი კაცი თამაშს ვერ მოიგებს. მნიშვნელოვანი გუნდია” .

ცხადაძის თქმით, ვარშავული ამინდი პრობლემა არაა, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპაში თამაშობენ:

“ტემპერატურას, რომელიც ვარშავაში იქნება, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნაკრების ყველა ფეხბურთელი ევროპაში თამაშობს, ხოლო შეკრება ავსტრიაში გავიარეთ და არა საქართველოში”.

პრესკონფერენციაზე ცხადაძემ მომავალ მატჩში ნაკრების დანაკლისზეც ისაუბრა:

“დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება. “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია. გვეიმედებოდა, რომ შაბათს გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ვარშავაში ვერ წამოვიდა”.

ეროვნული გუნდის დამრიგებელს არ დაუმალავს, რომ პოლონეთთან გამარჯვება სურს:

“ამ გუნდს ფრეზე თამაში არ შეუძლია. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს, მაგრამ ასეთ გუნდებთან თამაში სამომავლოდ გამოცდილებას შეგვძენს. ახალი ნაკრები გვყავს და მომავალი შესარჩევი ციკლისთვის ვემზადებით, მაგრამ პოლონეთთან გამარჯვების დიდი სურვილი გვაქვს”.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ 9 ივნისს უკრაინასთან ჩატარებული ამხანაგური მატჩი წასაგები არ იყო:

“უკრაინასთან მატჩი ჩვენთვის ცუდი შედეგით დასრულდა, მაგრამ წასაგები თამაში არ იყო. მატჩის ფრედ დასრულება შეგვეძლო. ამ თამაშმა გვაჩვენა, რომ პროგრესი გვაქვს და საერთო ჯამში კმაყოფილნი ვართ”.

საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალი თამაში მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია:

“ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და ახალი სათამაშო ტაქტიკა გვაქვს. ასე რომ, მომავალი მატჩები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათთვის ასეთი მაღალი დონის შეხვედრებში გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია. ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს, მომავალი შესარჩევი ციკლისთვის ვემზადებით”.

კაშიამ ხაზი გაუსვა, რომ ლევანდოვსკის შეჩერება იოლი არაა:

“როდესაც საქმე პოლონეთის შეტევის ხაზამდე მიდის, ლევანდოვსკის შესახებ ყველამ ვიცით და მისი შეჩერება ძნელია. მილიკი? ის ჰოლანდიის ერედივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და საუკეთესო გუნდში თამაშობს. ნოემბერში თბილისში 0:4 წაგების შემდეგ, “ვიტესმა” “აიაქსს” ჩემპიონატში 4:0 მოუგო, ასე რომ, ჩემსა და მილიკს შორის ანგარიში 4:4-ია.”

პოლონეთი-საქართველოს შეხვედრა დღეს, ვარშავაში “სტადიონ ნაროდოვიზე” (ეროვნული სტადიონი) თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

0.070496