სხვა

23:07 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული თამაშები ზღაპრული სანახაობით გაიხსნა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დიდებული სანახაობის ფონზე გაიხსნა პირველი ევროპული თამაშები. ახლადაშენებულ ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილმა 70 ათასამდე მაყურებელმა (მათ შორის არაერთი ქვეყნის პირველი პირიც იყო) საოცარი წარმოდგენა იხილა, რომელიც ნამდვილ ოლიმპიურ თამაშებსაც დამშვენდებოდა.

საზეიმო ცერემონიალმა დაახლოებით ორ საათს გასტანა და მასში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მრავლად იყო აზერბაიჯანული ცეკვები და ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სხვა ინსცენირებები. სიურპრიზი იყო სცენაზე ლედი გაგას გამოჩენა, რომელმაც ჯონ ლენონის Imagine შეასრულა.

საღამოს მშვენება ოლიმპიური ცეცხლის მოძრაობა გახლდათ, რომელიც ბაქომდე 48-დღიან ევროპულ კრუიზში იყო და მოგზაურობა არც უშუალოდ სტადიონზე დაჰკლებია. ცეცხლი მიწისქვეშ იყო ჩასული, მისი “მოპოვების” და ანთების პატივი კი ილჰამ ზაკიევს ერგო. ეს უკანასკნელი პარალიმპიურ ძიუდოში ევროპის ორგზის ჩემპიონი გახლავთ. საინტერესოა, აზერბაიჯანელებმა ოლიმპიური ცეცხლი რგოლის ირგვლივ აანთეს და არა – ფიალაზე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.

ოლიმპიური თამაშები გახსნილად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, მანამდე კი, დამსწრეებს სიტყვით მისმა მეუღლემ – 2015 წლის ევროპის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მეჰრიბან ალიევამ და ევროპული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე პატრიკ ჰიკმა მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს ევროპული თამაშები 12-დან 28 ივნისამდე გასტანს და შეჯიბრის განმავლობაში სპორტის ოც სახეობაში 253 მედლების კომპლექტი გათამაშდება. საერთო ჯამში, საქმეში 50 ქვეყნის (მათ შორისაა ისრაელიც, რომელიც სრულად აზიაში მდებარეობს) 6 ათასამდე ათლეტს ვიხილავთ. ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია (355 სპორტსმენი) რუსეთს ჰყავს და საერთო ჩათვლაში უპირველეს ფავორიტადაც ის მოიაზრება. ცნობისთვის, 20 სახეობიდან 16 ოლიმპიურია, ოთხიც კი არაოლიმპიური – კარატე, სამბო და პლიაჟის ფეხბურთი და კალათბურთი.

13 ივნისს, ოლიმპიურ თამაშები სრული სვლით გახურდება და საქმეში ქართველი სპორტსმენებსაც ვიხილავთ. ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს გიზო მელაძეს (59 კგ.), მინდია წულუკიძეს (71 კგ.), ლაშა გობაძეს (80 კგ.) და მიხეილ ქაჯაიას (98 კგ.) და კარატისტ ირაკლი ტყებუჩავას (67 კგ.) უწევთ.

მელაძე შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩართვება აზერბაიჯანელ ემინ მუხტაროვთან შეხვედრით, წულუკიძე მერვედფინალში ნორვეგიელ კარლსენს დაუპირისპირდება, გობაძე პირველ ეტაპზე შვეიცარიელ ბოსერტს გაეჯიბრება, ქაჯაიას პირისპირ კი მერვედფინალში იტალიელი ტიმოჩინი დადგება. შეხვედრები თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ეთერი კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგიძლიათ იხილოთ.

0.236407