რაგბი

17:44 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოსებ კიკვაძე: “ლიონში რვა გუნდს შორის უნდა მოვხვდეთ”

ქუთაისის “აიას” გარემარბი იოსებ კიკვაძე საქართველოს 7-კაცა ნაკრებში მეორე წელიწადია თამაშობს. 20 წლის მორაგბემ ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა, თამაშობდა 18-წლამდელთა იმ გუნდში, რომელმაც ევროპის ელიტურ ჩემპიონატში საქართველოს ადგილი დაუმკვიდრა, მერე 19-წლამდელთა და 20-წლამდელთა გუნდის წევრი იყო და ცოტა ხნის წინ კიდევ უფრო წინ წაიწია.

კიკვაძეს ლისაბონში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მიეცა. პირველ მატჩში ურუგვაის მან ორი ლელო გაუტანა და ალბათ საუკეთესო მელელოვის ტიტულისთვისაც იბრძოლებდა, მაგრამ ამ მატჩში ატეხილი ჩხუბის შემდეგ მას ტურნირის ბოლომდე დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ “მზარდი საქართველოს” შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა უელსური “ქროშეიზის” წინააღმდეგ, რის გამოც 7-კაცას მოსკოვში ვერ გაყვა. ახლა ის ლიონშია და გუნდს ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაში დაეხმარება.

“მსოფლიო სპორტი” მას საფრანგეთში გამგზავრებამდე გაესაუბრა.

- საქართველოს ნაკრებს დაარსების დღიდან მუდამ ჰქონდა უკანა ხაზის მოთამაშეების პრობლემა. ახალგაზრდული ნაკრებების ხაზი იმდენად კარგად გამოიყურება, რომ შეგვიძლია ვიფიქროთ ეს პრობლემა სულ მალე აღმოიფხვრება?

- ნელ-ნელა ქართული რაგბი იხვეწება, სწორი მუშაობის შედეგად, იხვეწებიან ხაზის მოთამაშეებიც და ჯერჯერობით ახალგაზრდულ ნაკრებებში, ეს შედეგებზეც აისახა. ბიჭები მონდომებულები არიან, თავდაუზოგავად მუშაობენ და კარგი სელექციაა ახალგაზრდულ ნაკრებებშიც. მონდომებამ შედეგი გამოიღო და იმედია პროგრესი ეროვნულ ნაკრებზეც აისახება. ჩვენს შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი თაობები მოდის.

- 20-წლამდელთა ნაკრების ისტორიული წარმატება ამ მუშაობის შედეგია?

- დიახ, ეს გამარჯვება სწორედ მწვრთნელების მიერ გაწეული უზარმაზარი შრომის შედეგია. ამდენი და ასეთი მრავალფეროვანი შეკრება აქამდე არცერთ გუნდს არ ჰქონია. ძალიან ბევრი რამ შეგვმატა ჯარის შეკრებამ, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. შედეგად გამოჩნდა, რომ პორტუგალიაში ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა ვიდექით. იქ რომ მივდიოდით მოწინააღმდეგეებზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, იქ კი, ყოველ დღე ვიდეო ანალიზს ვატარებდით, მწვრთნელები სათითაოდ ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობდნენ და იმხელა ინფორმაცია მივიღეთ, შედეგიც შესაბამისი დაიდო.

- პორტუგალიაში გუნდმა ყველა თამაში დიდი სხვაობით მოიგო.

- დიახ, ფაქტობრივად ყველა თამაშში, პირველი 15 წუთის შემდეგ იმხელა უპირატესობა გვქონდა, რომ გამარჯვებაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა. ერთადერთი ფიჯისთან გაგვჭირვებოდა, ისიც საწყის წუთებში. მეტოქე მაგრად შემოგვასკდა და ლაღი თამაშით ეცადა უპირატესობის მიღებას. მაგრამ ჩვენმა დაცვამ აჯობა და შესაბამისი ანგარიში დაფიქსირდა.

- მართალია გაისად თქვენ 20-წლამდელებში ვეღარ ითამაშებთ, მაგრამ რა შანსი ექნება იქ საქართველოს ნაკრებს?

- შანსებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ გააჩნია სხვები როგორ ფორმაში იქნებიან.

- 20-წლამდელების შემდეგ მალევე გადადგით მორიგი ნაბიჯი და “მზარდი საქართველოს” მაისური მოირგეთ.

- გამოცდილი გუნდის და მორაგბეების წინააღმდეგ ვითამაშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეუთამაშებლები ვიყავით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რაღაც მაინც გავაკეთეთ. თამაში ისე აეწყო, ორივე გუნდმა შერკინებიდან ითამაშა და ხაზი დიდად არ დატვირთულა.

- ახლა 7-კაცასთან ერთად ლიონში მიდიხართ, რა შედეგს უნდა ველოდოთ ლიონიდან?

- ლიონში ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, ყველა კარგი გუნდია, მაგრამ ვეცდებით ჩვენი ამოცანები ზუსტად შევასრულოთ და თამაშები მოვიგოთ. ვფიქრობ, გვაქვს იმის შანსი, რომ მოსკოვზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ და ამჯერად რვა საუკეთესოს შორის მოვხდეთ.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), მეთ ჯეინი (ოქსფორდი, ინგლისი), ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), შავლეგ მახარაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), ირაკლი სვანიძე (ჯიქები, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

2015 წლის ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი

ლიონი (საფრანგეთი). 13-14 ივნისი

ა ჯგუფი

საფრანგეთი

პორტუგალია

საქართველო

იტალია

13 ივნისი

საფრანგეთი - იტალია

პორტუგალია - საქართველო

საფრანგეთი - საქართველო

პორტუგალია - იტალია

საქართველო - იტალია

საფრანგეთი - პორტუგალია

ბ ჯგუფი

რუსეთი

ინგლისი

უელსი

ბელგია

13 ივნისი

რუსეთი - ბელგია

ინგლისი - უელსი

რუსეთი - უელსი

ინგლისი - ბელგია

უელსი - ბელგია

რუსეთი - ინგლისი

გ ჯგუფი

ესპანეთი

გერმანია

ლიტვა

რუმინეთი

13 ივნისი

ესპანეთი - რუმინეთი

გერმანია - ლიტვა

ესპანეთი - ლიტვა

გერმანია - რუმინეთი

ლიტვა - რუმინეთი

ესპანეთი - გერმანია

14 ივნისი. პლეი ოფები

0.120382