საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების “შევარდენის” ბაზაზე, 7-კაცას ვარჯიშის დაწყებამდე საათზე მეტი იყო დარჩენილი, როდესაც იქ ირაკლი სვანიძე გამოჩნდა. ის იქ მწვრთნელებზე ადრე მივიდა და მსგავსი შემთხვევა პირველად კი არ მოხდა, რეგულარულად ასეა.
ესაა პროფესიონალიზმის მაჩვენებელი, საქმისადმი უზომო სიყვარული, რომელიც 18-19 წლის ბიჭს გამორჩეულად აქცევს. შედეგიც სახეზეა - ფულბეკმა (15) სვანიძემ ითამაშა ყველა ასაკობრივ ნაკრებში თავისზე თითქმის ორი წლით უფროსებთან, 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო თასის “ალაფა” და გაისად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, 12 ელიტური ქვეყნის ნაკრებ გუნდებთან ერთად. მან ითამაშა “მზარდი საქართველოს” შემადგენლობაში უელსური “ქროშეიზის” წინააღმდეგ და გაიტანა ულამაზესი, ინდივიდუალური ლელო. გული ვერ მოითმენს მისი კიდევ ერთხელ აღწერის გარეშე:
სვანიძემ მეტოქის ნახევარზე, 10-მეტრიან ხაზთან მიიღო ბურთი, დაიძრა, 32-35 წლის უელსელებს ხაზი პატარა ბავშვებივით გაუჭრა, მერე ბოლო მცველს თავგზა აუბნია და 40-მეტრიანი რეიდი ძელებსშუა ლელოთი ისე დაასრულა, რომ თითიც ვერავინ დააკარა (VIDEO). მას უკვე იცნობენ ევროპის ელიტური ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებები, რადგან ორჯერ ითამაშა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ახლა კი, საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის გრან პრის მეორე, ლიონის ეტაპზე ითამაშებს და მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება.
იმ დღეს “შევარდენზე” სხვა საქმეზე ვიყავი მისული, მერე “სვანი” გამოჩნდა და ამ შანსის ხელიდან გაშვება არაფრით იქნებოდა. საუბრობს თავდაჯერებულად და ეს გადამდებია. მისი თამაშების შემხედვარე სიამაყით ივსები, გასაუბრების შემდეგ კი, გული იმედით გევსება - ქართულ რაგბის დიდი მომავალი აქვს. მაშ ასე, გაიცანით ირაკლი სვანიძე, რომელზეც სულ მალე მთელი ევროპა და მერე მთელი მსოფლიო ისაუბრებს:
- რაგბის თამაში 10 წლისამ “ხულიგანაში”, მამუკა ტყეშელაშვილთან დავიწყე. 6 წელი ამ გუნდში გავატარე და მერე “ჯიქებში” გადავედი. 16 წლიდან უმაღლეს ლიგას ვთამაშობ. პარალელურად, ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოვიარე – 14-წლამდელებით დაწყებული 20-წლამდელებით დამთავრებული. ახლახანს 7-კაცა ნაკრებშიც გამომიძახეს. 7-კაცაში შარშანაც უნდა მეთამაშა და სამწუხაროდ, მაშინ ამაში ხელი ტრავმამ შემიშალა. ცოტა ხნის წინ ჩემს კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო და “მზარდი საქართველოს” შემადგენლობაში ვითამაშე.
- ახლახანს “მზარდ საქართველოში” ორი თამაში ჩაატარა. რა შეგძინა უელსელებთან დაპირისპირებამ?
- ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან ასეთი პასუხისმგებლობა აქამდე არასდროს მქონია. ერთადერთი, ის შეიძლება “ალაფის” ფინალს შევადარო. ამ გუნდში, ჩემზე უფროს და გამოცდილ ბიჭებთან ერთად ვარჯიშით ბევრი რამ ვისწავლე, თამაშმა კი, დიდი გამოცდილება შემძინა, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.
- ლელო რომ მახსენდება, სულ არ გეტყობოდა დაძაბულობა.
- მოედანზე რომ გადიხარ, მსაჯის სასტვენისთანავე ყველაფერი გეხსნება. დაძაბული მანამდე ხარ, სანამ მოედანზე გახვალ.
- 15 ნომერი პრობლემატურია და ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან ხომ არ გისაუბრია?
- არა, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ყოფილა.
- 20-წლამდელების “ალაფა” ძალიან იოლად მოვიგეთ.
- სხვათა შორის, პორტუგალიაში ინდივიდუალურადაც და ტაქტიკურადაც ყველა კარგი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენ მათზე ერთი თავით მაღლა ვიდექით. ეს იმიტომ, რომ გუნდის ბირთვი 17-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული ერთად მოვდივართ, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და გამოცდილება არ გვაკლია. იყო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც - სისტემურად დალაგებული და შეკრული გუნდი ვიყავით, რამაც ჩვენი უპირატესობა განაპირობა, თორემ მართლა ძალიან კარგი მეტოქეები გვყავდა.
- გაისად 12-გუნდა ელიტაში გვიწევს თამაში, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატს ახლა ატარებენ და ალბათ თვალს თქვენც ადევნებთ. შორს ვართ ამ გუნდებისგან?
- შორს არ ვართ, უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებით მათ ელიტაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ და თამამები იქნებიან. რადგან ჩვენ დებიუტანტები ვართ, ეს აუცილებლად შეგვეტყობა. არ ვიტყვი, რომ ვინმეზე ერთი თავით დაბლა ვიქნებით, მაგრამ თავიდან გაგვიჭირდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იქ რამდენიმე გუნდის დამარცხება შეგვიძლია.
- რამდენიმე გუნდის დამარცხება?
- დიახ და გეტყვით რატომ ვფიქრობ ასე. იმ შემადგენლობიდან, რომლებმაც “ალაფაზე” ვითამაშეთ, 14-ს მსოფლიო თასზეც გვიწევს თამაში. გვემატებიან ძალიან ძლიერი ბიჭები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალი ითამაშეს. ვფიქრობ, წარმატებული ნაკრები გვეყოლება. მჯერა, ქვედა ოთხეულის გუნდებთან თანაბრად თამაში თავისუფლად შეგვიძლია და ელიტაში დარჩენა არ უნდა გაგვიჭირდეს. ჩვენ ირლანდიასთან და უელსთან თამაშის გამოცდილება გვაქვს და მათთანაც თამაშები ქულა-ქულაში წავა. 18-წლამდელების შემადგენლობაში ორჯერ ვეთამაშე ირლანდიას, ორივეჯერ თანაბარი თამაში გვქონდა და რატომ არ უნდა მქონდეს ახლა გამარჯვების იმედი?!
- 7-კაცა ნაკრებში დებიუტი 13 ივნისს, ლიონის ეტაპზე გექნება.
- 7-კაცა ნაკრებში შარშანაც უნდა მეთამაშა, მაგრამ მაშინ ამაში ხელი ტრავმამ შემიშალა. ინტენსიური და საინტერესო ვარჯიშები გვაქვს. 20-წლამდელებიდან ამ ნაკრებში სამი მოთამაშე ვართ და ჩემი შეხედულებით, შეთამაშებული და დალაგებული გუნდი ვართ. ყველას გვაქვს ერთმანეთთან თამაშის გამოცდილება და ეს აუცილებლად წაგვადგება. გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ლიონში სამეულში შევიდეთ და ვნახოთ ამ შანსს როგორ გამოვიყენებთ.