ფეხბურთი

12:54 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ევროპის სუპერთასის ბილეთები 22 ივნისიდან გაიყიდება

თბილისში 11 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერთასის მატჩის, რომელშიც ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ესპანეთის “ბარსელონა” და უეფას ევროპა ლიგის მომგები “სევილია” დაუპირისპიურდებიან, ბილეთები 22 ივნისიდან გაიყიდება. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ბილეთები ვებგვერდ www.biletebi.ge-ზე გაიყიდება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამის ექსკლუზიური უფლება მისცა.

ბილეთები სამი კატეგორიისა და 7, 14 და 30 ევრო ეღირება ლარის შესაბამისი კურსით. ბილეთების საფასურის გადახდა მხოლოდ საკრედიტო ბარათებით შეიძლება. გადახდისას მიიღება ყველა საერთაშორისო Visa/Mastercard ბარათი, რომელსაც გათიშული არ აქვს ინტერნეტ ვაჭრობის ფუნქცია. თამაშზე დასასწრებად აუცილებელია ელექტრონული ბილეთის ამობეჭდვა პრინტერით. სალაროში მისვლა საჭირო არ არის. ამობეჭდილ ბილეთზე არსებული QR (შტრიხკოდი) კოდი უნდა მიუშვიროთ სტადიონის შესასვლელებში, ტურნიკეტებზე არსებულ წამკითხავებს. ვისაც სურს, რომ ბილეთი სახლში ფოსტით მიუტანონ, მას დამატებით თანხას გადაახდევინებენ. ერთი ადამიანი 4-ზე მეტ ბილეთს ვერ შეიძენს.

ბილეთების შემძენნი უეფას მიერ დადგენილ წესებს უნდა დაემორჩილონ. მოტყუების მცდელობის შემთხვევაში, ისინი უეფას მხრიდან დაისჯებიან. განაცხადები ყურადღებით გადაისინჯება, რომ ის პირები ვისაც მატჩებზე დასწრება აკრძალული აქვთ, სტადიონზე ვერ მოხვდნენ.

უეფა ფეხბურთის ყველა მოყვარულს აფრთხილებს, რომ ბილეთები ან კორპორატიული პაკეტები, რომლებსაც არალეგალურ გამყიდველებთან, სააგენტოებში ან ვებსაიტებზე შეიძენენ, შესაძლოა ყალბი აღმოჩნდეს და მათი მფლობელები სტადიონზე არ შეუშვან.

უეფას ყველა გულშემატკივარს, რომლებსაც მატჩზე დასწრება სურთ აფრთხილებს: ყველა ბილეთი პერსონალური იქნება და სტადიონზე თითოეული ბილეთის პირადობის იდენტიფიკაცია მოხდება.

დამატებითი ინფორმაცია ბილეთების გაყიდვის შესახებ www.biletebi.ge-ზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდება.

0.117004