კალათბურთი

12:13 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეომრებმა” კავალერია გაანადგურეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა, სადაც “კლივლენდ კავალიერსი” “გოლდენ სტეიტთან” საკუთარ დარბაზში 82:103 განადგურდა.

“მეომრებმა” პირველ ორ პერიოდში დამაჯერებლად იმარჯვეს, მესამე პერიოდში “კავალერიამ” შეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ უკანასკნელ მეოთხედში “ოქროს შტატელებმა” კავალერიას საბოლოო დარტყმა მიაყენეს და სერიაში ანგარიში 2:2 გახადეს. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა “კლივლენდის” ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა ჩააგდო. “გოლდენ სტეიტში” 22-22 ქულით კარი და იგუადალა გამოირჩნენე.

მატჩში “კლივლენდის “ გულშემატკივრებისთვის მეტად უსიამოვნო ფაქტი მოხდა, ლებრონ ჯეიმსმა სათამაშო ეპიზოდში თავი დაიზიანა, თუმცა “მეფემ” შეხვედრის გაგრძელება შეძლო.

“კლივლენდის” მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად 3-ქულიანების ცუდი სროლა შეგვიძლია ჩავთვალოთ. მაგალითად, ჯეიარ სმიტმა სამქულიანი 8-ჯერ ესროლა, თუმცა კალათში ვერც ერთხელ მოათავსა. სულ დევიდ ბლატის შეგირდებმა 3-ქულიანი 28-ჯერ ესროლეს და მხოლოდ 4-ჯერ მოათავსეს კალათში, ხოლო “გოლდენ სტეიტმა” სამქულიანი 30-ჯერ ესროლა და 12 ბურთი ჩააგდო.

სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მეხუთე შეხვედრა 15 ივნისს “გოლდენ სტეიტის” დარბაზში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრეკონფერენცია

სტივ კერი (“გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელი): “დღევანდელ შეხვედრასა და მესამე მატჩს შორის დიდი განსხვავებაა. დღეს ჩვენ საუკეთესოები ვიყავი, ჩემი კალათბურთელები თამაშის რიტმს აკონტროლებდნენ. პირველ სამ შეხვედრაში ისე ჩანდა, რომ “კლივლენდი” უფრო ძლიერი იყო, შესაძლოა ეს იმიტომ იყო ასე, რომ ჩვენ ფინალში პირველად გავედით. მაგრამ ფინალში ყველა შეხვედრა ისე უნდა ითამაშო, როგორც უკანასკნელი”.

დევიდ ბლატი (“კლივლენდ კავალიერსის” მთავარი მწვრთნელი):“ექვსი თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, შენი გუნდი სუპერფინალში 2:2-მდე მივაო, ეს ძალიან გამიხარდებოდა. ჩვენ ახლა აქ ვართ. დიდი ალბათობით, ახლა 3-მატჩიანი სერიის ჩატარება მოგვიწევს. ჩვენ მეტი და მეტი უნდა ვიმუშაოთ ტაქტიკაზე. თუ გვინდა ჩემპიონობა, ბევრად უკეთესი კალათბურთი უნდა ვაჩვენოთ”.

“კლივლენდ კავალიერსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 82:103 (24:31, 18:23, 28:22, 12:27)

“კლივლენდი”: მოზგოვი (28 ქ. 10 მ.), ჯეიმსი (20 ქ. 12 მ. 8 პ.), ტომპსონი (12 ქ. 13 მ.), დელავედოვა (10 ქ.), შამპერტი (5 ქ. 7 მ.), სმიტი (4 ქ.), პერკინსი (2 ქ.), ჰარისი (1 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (22 ქ. 6 პ.), იგუადალა (22 ქ. 8 მ.), გრინი (17 ქ. 7 მ.), ბარნსი (14 ქ. 8 მ.), ლი (9 ქ.), ტომპსონი (9 ქ.), ლივინგსტონი (7 ქ.), ბარბოსა (2 ქ.), სფეიტსი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=j3P4JZ-LoK0

სერიაში ანგარიში 2:2

0.178811