საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაასრულა ავსტრიული შეკრება. კახა ცხადაძის გუნდი 12 ივნისს, დილით დატოვებს ავსტრიას და ვარშავის მიმართულებით აიღებს გეზს.
10 ივნისს გამართულ ვარჯიშზე მათე ვაწაძემ სათამაშო ეპიზოდში მცირე ტრავმა მიიღო, ამიტომაც ქართველმა ფორვარდმა 11 ივნისს დაისვენა. სავარაუდოდ ვაწაძე მოახერხებს პოლონეთთან თამაშს.
როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ გიორგაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კახა ცხადაძის გუნდში კარგი ატმოსფეროა, ფეხბურთელები ვარშავული მატჩის წინ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
საქართველოს ნაკრები ტრავმის გამო ლევან მჭედლიძემ და გოგიტა გოგუამ დატოვეს, რომლებიც 10 ივნისს თბილისისკენ გამოფრინდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ივნისს, დილით ჩარტერული რეისით - ლინცი-ვარშავა – გაემგზავრება პოლონეთის დედაქალაქისკენ, სადაც გამართავს მატჩის წინა ვარჯიშსა და პრესკონფერენციას.