რაგბი

21:47 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ალანია: “მიზანი ლისაბონში წარმატებით თამაშია”

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები 13-14 ივნისს ევროპის გრან პრის მეორე, ლიონის ეტაპში ჩაებმება. გუნდში, რომელმაც წინა კვირას პირველ, მოსკოვის ეტაპზე მე-9 ადგილი დაიკავა და ფიალა მოიგო, ხუთი ცვლილება განხორციელდა. იმის გათვლისწინებით, რომ 7-კაცა რაგბიში განაცხადში 12 მორაგბეა, 5 მოთამაშის შეცვლა ფაქტობრივად ახალი გუნდის ჩამოყალიბების ტოლფასია.

7-კაცას დაემატნენ ლევან გოგოლაშვილი “მზარდი საქართველოდან” და 20-წლამდელთა ნაკრების სამი მოთამაშე - ირაკლი სვანიძე, იოსებ კიკვაძე და ანზორ სიჭინავა. კიდევ ერთი ახალბედა და ყველაზე მეტად საინტერესო მოთამაშეა - მეთ ჯეინია, რომელიც ინგლისში დაიბადა, ოქსფორდის უნივერსიტეტი დამთავრა და რადგან ქართული ფესვები აქვს, საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. მისი წინაპრები ჯანაშვილები იყვნენ და 1921 წელს კომუნისტურ რეჟიმს გაექცნენ. ამ 22 წლის მორაგბეს უკანა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძია თამაში და მართალია ჯერ 7-კაცაში ითამაშებს, მაგრამ მილტონ ჰეიგის მეთვლყურეობის ქვეშაა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ძლიერ პორტუგალიასთან, გრან პრის ფავორიტ, მასპინძელ საფრანგეთთან და იტალიასთან მოუწევს თამაში. სურვილი ორი თამაშის მოგება, ან მესამე ადგილით რვა გუნდში გასვლაა, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ბიჭების საქმეში ნახვაა. რადგან წელს 7-კაცა ნაკრებს მოსამზადებელი შეკრებები არ ჰქონდა, გუნდის ხელმძღვანელობა ცდილობს კანდიდატები ოფიციალურ ტურნირებში შეამოწმოს და ივლისში საუკეთესო შემადგენლობით ითამაშოს.

საქმე ისაა, რომ ივლისში გუნდს გრან პრის მესამე, ინგლისის ეტაპი ელის, რის შემდეგაც გრან პრის გამარჯვებული 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორეადგილოსანი ოლიმპიადის მსოფლიო შესარჩევში პირდაპირ ჩაებმება, ხოლო დანარჩენი გუნდები ევროპის რეპეშაჟში სამი მოწინავე ადგილისთვის იბრძოლებენ, რათა ოლიმპიური თამაშების მსოფლიო შესარჩევში მათაც გააღწიონ. შეგახსენებთ, რომ ინგლისმა დიდ ბრიტანეთს ოლიმპიური თამაშების საგზური მსოფლიოს სერიიდან მოუტანა და ის და უელსი მხოლოდ ევროპირველობისთვის იბრძვიან.

განვლილ ტურნირზე, ლიონის ეტაპზე, 7-კაცას გეგმებზე და მოთამაშეთა სელექციაზე “მსოფლიო სპორტი” გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ალანიას ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, შეეძლო საქართველოს ნაკრებს მოსკოვის ეტაპზე მე-9 ადგილზე უკეთესი პოზიციის დაკავება?

- ჩემი აზრით, მოსკოვში ზუსტად იმ ადგილზე გავედით, რასაც ვიმსახურებდით. დიახ, უელსის დამარცხება შეიძლებოდა, მაგრამ თეორიული გათვლები, თორემ რეალურად სხვაგვარად მოხდა. შეიძლებოდა რვა გუნდში გასვლაც, მაგრამ ჯობია აქ ვიყოთ, სადაც ვართ და უფრო მეტი ვიშრომოთ. მოსკოვში შეკოწიწებული, ახალი გუნდით ჩავედით. არ გაგვიმართლა და იქ იმ გუნდით ვერ წავედით, რომლითაც ამსტერდამში ვითამაშეთ. კარგი ბიჭები დაგვემტვრნენ - ბექა ურჯუკაშვილი და დავით ლოსაბერიძე. მერე ისე მოხდა, რომ ზოგიერთ მორაგბეს “მზარდ საქართველოში” მოუწია თამაში და ლევან გოგოლაშვილი გამოგვაკლდა. მართალია, ირაკლი გეგენავა დაგვიბრუნდა, მაგრამ რთულია ერთ კვირაში 7-კაცა ივარჯიშო, მერე 15-კაცა რაგბი ითამაშო და ისევ 7-კაცაზე გადაერთო. მან ამსტერდამში 11 ლელო გაიტანა და მოსკოვშიც ჩვენი გუნდის ბომბარდირი იყო (4 ლელო), მაგრამ სხვა პირობებში მეტიც შეეძლო. მსოფლიო თასის წელიწადია და სამწუხაროდ, მოსამზადებელ ტურნირებში ამის გამო ვერ მივიღეთ მონაწილეობა, რის გამოც ოფიციალურ თამაშებში გვიწევს გუნდის დაყენება. გარდა ამისა, მოსკოვში გიორგი შკინინი პირველივე თამაშში დაიმტვრა და ბევრი რამ აგვერია.

საფრანგეთი ძალიან კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, ევროპის გრან პრიზე უკონკურენტოა, თუმცა, როცა ჩვენც კარგად ვიყავით მომზადებული, ასეთი საფრანგეთი დამარცხებული გვყავს. სამწუხაროდ, ახლა სხვაგვარი სიტუაციაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 20-წლამდელებმა “ალაფა” მოიგეს, 18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ითამაშეს და იმედია, საქართველოს ნაკრებიც კარგ შედეგს აჩვენებს.

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია საფრანგეთთან ასეთი მარცხი (0:49), რამაც საბოლოოდ საქართველო 8 გუნდს მიღმა დატოვა? მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ უელსთან მატჩის შემდეგ ფრანგებს სულ რაღაც საათნახევარში ვეთამაშეთ?

- არა, უმთავრესი ის იყო, რომ ფრანგებთან ყველა პირველი ბურთი წავაგეთ. როდესაც უბურთოდ ხარ, ორმაგ ენერგიას ხარჯავ და არაფერი გამოდის. ფრანგებმა ყველა პირველი ბურთი აიღეს. მეტოქეს მაღალი ბიჭები ჰყავდა და ჰაერშიც ვერაფერი დავუპირისპირეთ. ჩვენი მაღალი მოთამაშე ზურაბ ძნელაძე მოსკოვში მიკროტრავმით იყო და ბოლო მომენტში გადავწყვიტეთ მისი წაყვანა. მას საფრანგეთთან არ უთამაშია, იმიტომ, რომ ჩვენი გეგმა რუმინეთის დამარცხება იყო. სამწუხაროდ, მათთან ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვსურდა და სასურველი სხვაობით ვერ დავამარცხეთ. რომ არ ველოდით ისე ცუდად ვითამაშეთ.

მაგრამ მოსკოვში კარგი მომენტებიც იყო. გამოჩნდა ბათუმელი ლადო მიმინოშვილი, 18-წლამდელთა ნაკრების გარემარბი. მან ამსტერდამში კარგად ითამაშა და ახლა უფრო მაღალ დონეზე მოსინჯა ძალები. ლიონში ახალი ბიჭები მიგვყავს და მათი იმედი მაქვს. იოსებ კიკვიძეს 7-კაცა ნათამაშები აქვს. მან შარშან იმ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა, როდესაც პორტუგალია 7 კაცით, შეცვლების გარეშე დავამარცხეთ. ლიონში პირველი თამაში პორტუგალიასთან გვაქვს და ვნახოთ რა იქნება. გუნდში 5 ცვლილებაა, სამი 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე, ლევან გოგოლაშვილი და ინგლისელი ბიჭი მეთ ჯეინი დავიმატეთ, რომელსაც მათეს ვეძახით.

- როგორ დაუკავშირდით მას, როგორ მოხვდა საქართველოს ნაკრებში და რა დონის მოთამაშეამეთ ჯეინი?

- მისი თამაში ჯერჯერობით არ გვინახია, მხოლოდ ვარჯიშებზე ვაკვირდებით, მაგრამ მასზე მოვიპოვეთ გარკვეული ინფორმაცია. მათემ წელს დაამთავრა ოქსფორდი და გამოცდები ჰქონდა, რის გამოც ამსტერდამში და მოსკოვში ვერ წავიყვანეთ - მან არჩია ჯერ გამოცდებისთვის მიეხედა და მერე რაგბისთვის მეტი დრო დარჩებოდა. ჯეინის წინაპრები - ჯანაშვილები, საქართველოდან 1921 წელს კომუნისტურ რეჟიმს გაექცნენ, ბაბუამისი გარკვეული პერიოდი თურქეთში ცხოვრობდნენ და საბოლოოდ ინგლისში დასახლდნენ. ის ახლა 22 წლისაა. დაინტერესება ფაქტობრივად ორივე მხრიდან ერთდროულად მოხდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ მასზე ინფორმაციის მოძიება, ისიც გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე, ძალიან უნდა საქართველოს სახელით თამაში. მათეს ეტყობა რომ კარგი ბიჭია, მაგრამ 7-კაცა არ აქვს ნათამაშები. ის მილტონ ჰეიგსაც აინტერესებს და დავაკვირდებით. რადგან თუნდაც 7-კაცა გუნდში საქართველოს ნაკრებში ექნება დებიუტი, საბოლოოდ ჩვენი გახდება და ვეღარავინ წაგვართმევს.

- შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა და ლიონში უკეთესი გუნდით მიდიხართ?

- არა, უბრალოდ, ახლა უფრო ახალგაზრდული გუნდი გვეყოლება და მათი შემართების იმედი გვაქვს. შესაძლოა, მათ მეტი შეცდომა დაუშვან, მით უმეტეს, რომ შეუთამაშებლები ვართ და ბიჭებიც ჯერ სულ სხვაგან არიან, მაგრამ იმედია, მოვახერხებთ მათ გადმორთვას. ლიონის ეტაპის შემდეგ, მესამე, დასკვნითი ეტაპისთვის მოსამზადებლად თვე გვექნება. ჩავატარებთ განვლილი ორი ეტაპის ვიდეოანალიზს და ინგლისში უკვე საუკეთესო გუნდით წავალთ, საიდანაც პირდაპირ ლისაბონში გავემგზავრებით, იქ კი უკვე კონკრეტული მიზანი გვექნება.

- რა არის თქვენი მიზანი ლიონის ეტაპზე და მთლიანად ევროპის გრან პრიზე?

- სურვილი რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა, მაგრამ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. გვინდა პორტუგალიას და იტალიას მოვუგოთ და ვნახოთ რა გამოვა. მე და პალიკო ჯიმშელაძეს მეტი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, რადგან ზაზა ლეჟავას დედა გარდაეცვალა და გარკვეული დროით გამოგვაკლდა. იმედი გვქონდა, რომ ურჯუკაშვილი და ლოსაბერიძე ტრავმებს მოიშუშებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. იცით, რომ ევროპის გრან პრის სამი ეტაპის შემდეგ, მეოთხე ტურნირი ტარდება, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადიასთვის ევროპის შესარჩევი ტურნირი და გვინდა იქიდან მსოფლიო რეპეშაჟში გავიდეთ, რომელიც ლისაბონში გაიმართება. ვფიქრობ, ამ სამი ეტაპის შემდეგ, უკვე კარგი გუნდი ვიქნებით და პორტუგალიაში სამ საუკეთესოს შორის უნდა მოვხვდეთ.

- თუ არის საქართველოში იმის რესურსი, რომ ეროვნული და მზარდი, ასევე ასაკობრივი ნაკრებების თამაშების დამთხვევის შემთხვევაში 7-კაცამ სათანადო გუნდის შეკრება მოახერხოს?

- ხშირად გვიწევს ახალი ბიჭების აყვანა. ეს პრობლემა გარკვეულწილად დარეგულირებული იყო, მაგრამ რადგან მსოფლიო თასის წელიწადია რაღაცები აირია. ყველანი ერთ ორბიტაზე მოვიაზრებით და შეთანხმების თანახმად, გვეყოლებოდა ძირითადი ბირთვი, რომელიც რეგულარულად ითამაშებდა ჩვენთან და დავიმატებდით ახალგაზრდა მორაგბეებს. მილტონი ზელანდიელია და ზელანდიელებმა კარგად იციან 7-კაცის ფასი. ხშირად ვმსჯელობთ და განვიხილავთ კანდიდატებს, ერთდროულად ვიღებთ გადაწყვეტილებას ვინ სად ითამაშოს, ვინაა საინტერესო და პრესპექტიული ეროვნული გუნდისთვის და ასე შემდეგ. მაგალითად, მერაბ შარიქაძე. მან თამაში ჩვენთან 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ჯერ არავინ იცნობდა და თავიდანვე საუცხოო მოთამაშე სულაც არ იყო, მაგრამ ტურნირიდან ტურნირამდე გაიზარდა და ახლა ეროვნული გუნდი მის გარეშე წარმოუდგენელია. იგივე სიტუაციაა ფრუიძესთან და საბა შუბითიძესთან დაკავშირებით, რომელიც 7-კაცადან ეროვნულ გუნდში გამოიძახეს. იოსებ კიკვიძე და ანზორ სიჭინავა უკვე გამოვდნენ ახალგაზრდული ნაკრების ასაკიდან და ახლა მათი შემდგომი ეტაპი სწორედ 7-კაცაა, სადაც უნდა დაამტკიცონ, რომ ეროვნულ გუნდში აყვანის ღირსი არიან. წელს ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მომავალი წელი ჩვენი იქნება!

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), მეთ ჯეინი (ოქსფორდი, ინგლისი), ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), შავლეგ მახარაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), ირაკლი სვანიძე (ჯიქები, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

2015 წლის ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი

ლიონი (საფრანგეთი). 13-14 ივნისი

ა ჯგუფი

საფრანგეთი

პორტუგალია

საქართველო

იტალია

13 ივნისი

საფრანგეთი - იტალია

პორტუგალია - საქართველო

საფრანგეთი - საქართველო

პორტუგალია - იტალია

საქართველო - იტალია

საფრანგეთი - პორტუგალია

ბ ჯგუფი

რუსეთი

ინგლისი

უელსი

ბელგია

13 ივნისი

რუსეთი - ბელგია

ინგლისი - უელსი

რუსეთი - უელსი

ინგლისი - ბელგია

უელსი - ბელგია

რუსეთი - ინგლისი

გ ჯგუფი

ესპანეთი

გერმანია

ლიტვა

რუმინეთი

13 ივნისი

ესპანეთი - რუმინეთი

გერმანია - ლიტვა

ესპანეთი - ლიტვა

გერმანია - რუმინეთი

ლიტვა - რუმინეთი

ესპანეთი - გერმანია

14 ივნისი. პლეი ოფები

0.152489