ფეხბურთი

15:47 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” შემდგომ გამოჩენილი ნათელი...

მადრიდის “რეალს” თანამედროვე ფეხბურთში გამორჩეული ადგილი უკავია. “სამეფო გუნდის” რიგებში თავის დროზე დიდი იმედით არაერთი გამორჩეული მოთამაშე ჩარიცხულა, რომელთაც შემდგომ გარკვეულ მიზეზთა გამო “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაცემული ავანსი ვეღარ გაუმართლებიათ. სამაგიეროდ, მადრიდიდან აბარგების შემდეგ კი სხვა გუნდის მაისურით ჩინებულად ათამაშებულან.

დღეს, სწორედ ასეთი ფეხბურთელების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ. ნუსხა საკმაოდ საინტერესოა, რომელშიც ისეთი ფეხბურთელების გვარებს ამოიკითხავთ, როგორებიც სამუელ ეტო’ო, ვესლი სნეიდერი, არიენ რობენი და სხვანი არიან...

სამუელ ეტო’ო (კამერუნი, თავდამსხმელი)

კამერუნელი ფორვარდი “რეალმა” 1996 წელს შეიძინა. მაშინ აფრიკელი შემტევი მხოლოდ 15 წლის გახლდათ. კასტილიის გუნდში ასპარეზობის შემდგომ იგი იჯარით “ლეგანესსა” და “ესპანიოლში” გაუშვეს, ხოლო საბოლოოდ, 2000 წელს, “მალიორკაში” გაასხვისეს. კუნძულურ კლუბში კი ეტო’ო ბოლომდე გაიხსნა. მან 133 მატჩში 54 გოლი გაიტანა, 2004 წელს კი “რეალის” მოსისხლე მტერ “ბარსელონაში” გადავიდა, რომლის რიგებშიც ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 5 სეზონის განმავლობაში “ბლაუგრანას” შეუცვლელი ფიგურა გახლდათ. “ბარსელონას” მერე ეტო’ომ წარმატებით მილანის “ინტერშიც” ითამაშა.

ესტებან კამბიასო (არგენტინა, ნახევარმცველი)

კამბიასო “რეალმა” “არხენტინოს ხუნიორსიდან” შეიძინა. კასტილიაში გარჯის შემდგომ კი იჯარით ჯერ “ინდეპენდიენტეში”, შემდეგ “რივერ პლეიტში” გაასხვისა. საბოლოოდ, როგორც იქნა მადრიდულმა გრანდმა ესტებანი თავისთან 2002 წელს დაიბრუნა. ორი წლის განმავლობაში თამაშის საშუალება მხოლოდ 41-ჯერ მიეცა, რის შემდგომაც “ბლანკოსმა” იგი “ინტერს” დაუთმო, თანაც უფასოდ(!) “ნერაძურის” რიგებში კი კამბიასო ათამაშდა და კლუბის ისტორიაში თავისი სახელი წარმატებული გამოსვლით დატოვა.

ვალტერ სამუელი (არგენტინა, მცველი)

კამბიასოს თანამემამულე ვალტერ სამუელი “რომაში” გატარებული 4 მშვენიერი სეზონის შემდგომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2004 წელს აღმოჩნდა. თუმცა, სამხრეთამერიკელმა მცველმა მადრიდში მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო და იგი 16 მილიონი ევროს სანცვლოდ “ინტერში” გაიყიდა. ეს კი 9 მილიონით ნაკლები იყო, ვიდრე “რეალმა” “რომას” გადაუხადა. “ინტერნაციონალეში” სამუელი წლების განმავლობაში დაცვის მთავარი ფიგურა გახლდათ.

არიენ რობენი (ჰოლანდია, ნახევარმცველი)

“ეინდჰოვენსა” და ლონდონის “ჩელსიში” გატარებული წარმატებული სეზონების მერე არიენ რობენი მადრიდში 36.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ორი სეზონის განმავლობაში მან თეთრი მაისურით მხოლოდ 11 გოლი გაიტანა და 2009 წელს 25 მილიონად მიუნხენის “ბაიერნის” წევრი შეიქნა. მიუნხენში კი რობენმა დღემდე გერმანიის ჩემპიონობა ოთხჯერ მოიპოვა, სამჯერ გერმანიის თასი მოიგო, ორჯერ სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი...

ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია, ნახევარმცველი)

რობენის ისტორიას ძალზე წააგავს კიდევ ერთი ჰოლანდიელის , ვესლი სნეიდერის თავგადასავალი. ამსტერდამის “აიაქსმა” მის სანაცვლოდ 27 მილიონი ევრო მიიღო, სნეიდერმა კი მადრიდელთა რიგებში 52 მატჩში 11 გოლი გაიტანა. 2009 წლის ზაფხულში კი 15 მილიონად იგი “ინტერში” იქნა გასხვისებული. სნეიდერი მილანური გრანდის შემადგენლობას ადვილად შეერწყა და პირველივე სეზონში გუნდთან ერთად ე.წ. ჰეთ-თრიქი შეასრულა, რაშიც მისი წვლილი განუზომლად დიდი იყო.

ალვარო მორატა (ესპანეთი, თავდამსხმელი)

ალვარო მორატა მადრიდის “რეალის” სკოლის აღზრდილია. მთავარ გუნდში ესპანელმა შემტევმა 37 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. ეს სულაც არ იყო ცუდი მაჩვენებელი, რადგან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მორატას კონკურენცია ანხელ დი მარიასთან, ქარიმ ბენზემასთან, კრიშტიანუ რონალდუსთან და გარეთ ბეილთან უწევდა. ერთი წლის წინ კი “რეალმა” იგი ტურინის “იუვენტუსს” 18 მილიონი ევროს ნაცვლად დაუთმო. ტურინში მორატამ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა. იტალიის სერია A-ში თავი 8-ჯერ გამოიჩინა, ხოლო განსაკუთრებით კარგად ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა, სადაც 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი სწორედ “რეალის” კარში და მშობლიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიღმა დატოვა. “რეალს” შეცდომის გამოსწორების საშუალება ამ ჯერზე შეუძლია - კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც “სამეფო გუნდს” სურვილის შემთხვევაში მორატას დაბრუნება მომავალ ზაფხულს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

0.127547