პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში 4-დღიანი შეკრება დაასრულა. 11 ივნისს დილას პორტუგალიელება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. წვრთნა ღია კვლავ მხოლოდ 15 წუთი იყო. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელი და ქართველი ჟურნალისტების კითხვებს “პორტუს” 31 წლის გარემარბმა კუარეჟმამ უპასუხა.
პირველი პრესკონფერენციის მსგავსად, თავდაპირველად კითხვა-პასუხის რეჟიმი პორტუგალიურად წარიმართა, ხოლო შემდეგ ქართული მედიის წარმომადგენლებს კითხვის ინგლისურად დასმის საშუალება ჰქონდა.
პორტუგალიურიდან ინგლისურად სტუმართა ეროვნული გუნდის პრესსპიკერმა ონოფრე კოშტამ გადათარგმნა.
ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის კითხვას თუ რამდენად კმაყოფილია თბილისში ჩატარებული შეკრებით, კუარეჟმამ ასე უპასუხა:
“მოსამზადებლად ყველა პირობა შეგვიქმნეს. ძალიან ნაყოფიერად ვივარჯიშეთ. ყველა კმაყოფილი მივდივართ. იმედია, ეს შრომა თავის შედეგს ოფიციალურ შეხვედრაში გამოიღებს”.
ადგილობრივი მედიის კიდევ ერთი კითხვა პორტუგალიელთა მომავალ მეტოქეს სომხეთის ნაკრებს ეხებოდა. კუარეჟმამ სომხების შესახებ შემდეგი თქვა:
“სომხეთის ნაკრები თავს კარგად იცავს და კონტრშეტევაზე თამაშობს. უკანდასახევი გზა არ გვაქვს და გამარჯვებას ვეცდებით. თუმცა, ეს იოლი არ იქნება, რადგან სომხეთი კარგად ორგანიზებული გუნდია”.
ერთ-ერთმა პორტუგალიელმა ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ თბილისში კუარეჟმაზე ცნობადია.
“ეს ჩვეულებრივი ამბავია და არავითარ დისკომფორტს არ მიქმნის. შემიძლია ვთქვა, რომ რონალდუ ჩემი უახლოესი მეგობარია. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ და მისი ყველა წარმატება მახარებს”.
11 ივნისს პორტუგალიელები ერევანში გაემგზავრნენ, სადაც 13 ივნისს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში სომხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.