2015 წლის ჯერ ნახევარიც არ გასულა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი საუკეთესოა - ჭადრაკში ბათუმელი საერთაშორისო დიდოსტატის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ნინო ბაციაშვილის ბიოგრაფიაში. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ნინომ იმდენ წარმატებას მიაღწია, რასაც ზოგი მთელი კარიერის განმავლობაში ვერ ახერხებს: იგი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის, მოიგო მსოფლიოს გუნდური პირველობა, ევროპის ჩემპიონატზე ერთეულთა შორის კლასიკურში მეორე, ხოლო სწრაფ ჭადრაკში მესამე ადგილი დაიკავა. შეასრულა საერთაშორისო დიდოსტატის ნორმატივი ვაჟთა შორის.
ნინო ბაციაშვილმა ინტერვიუ მისცა საჭადრაკო საიტ “ჩეს ნიუსის” სპორტულ მიმომხილველ ევგენი სუროვს, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ სუროვი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ლელა ჯავახიშვილის მეუღლეა.
- პრაქტიკულად თქვენ თითქმის მთელი ტურნირის მსვლელობის დროს ლიდერობდით, ხშირად სხვაობა თქვენსა და თქვენს უახლოეს მდევარს შორის საკმაოდ სოლიდური იყო.
- გეთანხმებით, 8 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა მქონდა.
- რას გრძნობს ადამიანი, რომელიც მთელი დისტანცია ლიდერობდა და ფინიშის ხაზთან მისულს გადაასწრეს?
- ჩემპიონატის ბოლოსწინა, მეათე პარტიაში მომავალ ჩემპიონ ნატალია ჟუკოვასთან ძალიან ცუდად ვითამაშე, ეს ჩემთვის კატასტროფა იყო. ამ თამაშის შემდეგ უბრალოდ ყველაფერს ხაზი გადაესვა. მე უკვე ვიცოდი, რომ მოვიგებდი თუ არა ბოლო პარტიას ჩემპიონი მაინც ვერ გავხდებოდი, რადგან ასეთ შანსს ჟუკოვა ხელიდან აღარ გაუშვებდა.
- რატომ იყავით ასე დარწმუნებული? რის საფუძველზე ფიქრობდით, რომ ჟუკოვას ტურნირის ბოლო პარტიის წაგება არ შეეძლო, მითუმეტეს, რომ ბოლოსწინა პარტიის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა თქვენ პირველი ადგილის მოსაპოვებლად ჟუკოვას მიერ ნათამაშები ყაიმიც გყოფნიდათ.
- გეთანხმებით, ასე იყო, მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი, რომ ჟუკოვასთან წაგებით პირველი ადგილის მოპოვების შანსი ხელიდან გავუშვი.
- მაინც რა მოხდა ჟუკოვასთან პარტიაში, რომელიც ერთადერთი იყო თქვენი მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრებიდან, სადაც მოვლენები თქვენს სასარგებლოდ არ განვითარდა.
- ძალიან ცუდად ვითამაშე და ამის მიზეზს ვერ ვპოულობ. უბრალოდ იმ დღეს თავი არ მიმუშავებდა.
- ჩაქვის შემდეგ თქვენ ქუთაისში გაემგზავრეთ, რომელიც სწრაფ ჭადრაკში ევროპის პირველობას მასპინძლობდა...
- დაბა ჩაქვში გადატანილი მძიმე ტურნირის შემდეგ ძალიან გადაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე სწრაფ ჭადრაკშიც მეცადა ბედი. რაპიდში ძალიან ცუდად ვითამაშე და 4 შეაძლებლობიდან მხოლოდ 2 ქულა ავიღე. შემდეგ თამაშის ხარისხი გამოვასწორე, 7 შესაძლებლობიდან 6 მოვიპოვე, II-IV ადგილები გავიყავი და კოეფიციენტმა III ადგილი მარგუნა.
- კლასიკურ ჭადრაკში დაკარგული ჩემპიონობის შემდეგ სწრაფ ჭადრაკში როგორ შეძელით ძალების მობილიძება?
- არ ვიცი, ალბათ მტკიცე ნერვების გამო.
- ამ წელს თქვენ თითქმის ყველაფერი გამოგდით, მოიგეთ საქართველოს პირველობა, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, ვერცხლი ევროპის ინდივიდუალურ პირველობაზე (კლასიკური), ხოლო ბრინჯაო სწრაფ ჭადრაკში. საიდან ასეთი წარმატება?
- ბოლო დროს ძალიან ბევრს ვმუშაობ და შედეგიც წამოვიდა.
-თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ადრე ამდენს არ მუშაობდით?
- დიახ, ადრე ასეთი სისტემატიური დატვირთვით არ მივარჯიშია. დაახლოებით ორი წელი იქნება, რაც ჭადრაკს პროფესიონალურად ვუდგები და ბევრს ვმუშაობ, ამ მუშაობის შედეგია ის წარმატება რასაც ბოლო დროს მივაღწიე.
- ადრე ხელს რა გიშლიდათ პროფესიონლურად რომ გევარჯიშათ?
- ყველაფერი ერთდროულად. ნორმალურად მომზადებისათვის ცუდი პირობები, მათ შორის ფინანსებისა და მთავარი მწვრთნელის პრობლემა.
- ახლა თუ გყავთ მწვრთნელი?
- მყავს, საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე.
- როგორც თქვენი საუბრიდან გავიგე ბოლო დროს მხოლოდ ჭადრაკით ცხოვრობთ.
- დიახ ასე გამოდის.
- ეს თქვენ გაწყობთ?
- მაწყობს, რადგან მაინტერესებს სადამდე შეიძლება ავიმაღლო ოსტატობა და რისი მიღწევა შემიძლია.
- თუ სწორად გავიგე თქვენი თავის შესაძლებლობებს ამოწმებთ.
- ვცდილობ.
- ჯერ თუ მიხვდით როგორია თქვენი შესაძლებლობები და რისი მიღწევა შეგიძლიათ?
- ეს ისეა, როგორც ჰორიზონტი, მიდიხარ, მაგრამ ფინიში არ ჩანს.
- მე ასე ვიტყოდი - პირდაპირ კი არ მიდიხართ, არამედ სიმაღლეზე ხტებით. როგორ ფიქრობთ რა სიმაღლეზე შეგიძლიათ კიდევ ახტეთ?
- ჯერჯერობით მინდა ქალთა შორის 2500-იანი კოეფიციენტი გადავლახო, შემდეგ ვნახოთ.
- ბოლო დროს მიღწეული წარმატებების შემდეგ თუ იგრძენთ, რომ საჭადრაკო სამყაროში ანდრინდელთან შედარებით ბევრად უფრო პოპულარული გახდით?
- გუნდურში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ საქართველოში ნაკრები პოპულარული გახდა, ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ჩვენმა ნაკრებმა თითქმის ყველა შოუში მიიღო მონაწილეობა.
- ამის გამო არ გადაიღალეთ?
- ცოტა კი. სხვადასხვა შოუში მონაწილეობის გამო ჩაქვის ჩემპიონატისათვის სრულყოფილად ვერ მოვემზადე.
-თქვენ გინდათ თქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოუმზადებელი წახვედით და ვერცხლის მედალი აიღეთ?
- საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისათვის ძალიან კარგად მოვემზადე. ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ელიზბარ უბილავას ხელმძღვანელობით ორი შეკრება გავიარეთ. ეს სულ სხვა დონე აღმოჩნდა. ახალ მწვრთნელთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
- სხვა დონე რასთან შედარებით?
- სულ სხვა მომზადება, ურთიერთობა... შეკრებებზე ყველაფერი ძალიან კარგად და პროფესიონალურად ჩატარდა.
- როგორ მუშაობდით უბილავასთან? არამარტო შეკრებების არამედ მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს, მან თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- ჩემთვის მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე გატარებული 10 დღე ჩვენთვის, ნაკრების წევრებისათვის დაუვიწყარია. მთავარმა მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა, რათა ერთობლივად გვეზეიმა, ერთმანეთს ვუცვლიდით თითოეული პარტიის ანალიზებს, მათ შორის ახლებსაც კი. რაღათქმაუნდა მთელი გუნდი ერთად ვვარჯიშობდით.
- როცა დაღლილი ხართ ან წაგებით განაწყენებული რა ხერხს მიმართავთ რათა ხასიათზე მოხვიდეთ?
- ამაში მეგობრებთან საუბარი მეხმარება, ვუსმენ მუსიკას ან ვუყურებ საინტერესო ფილმს. ასევე მიყვარს იუმორისტული გადაცემები.
-ქართული იუმორი?
- დიახ, ქართული, რომელიც ყოველთვის მეხმარება.
- მუსიკაც იუმორისტული გიყვართ?
- არა, მომღერლებიდან მიყვარს ზემფირას მოსმენა. ქართველებიდან თუ იცნობთ, ნინო ქათამაძეს ვუსმენ.
- რა თქმა უნდა ვიცნობ, მართალია ის ქართველია, მაგრამ რუსეთში ხშირად მღერის.
- გეთანხმებით, ქათამაძე ცნობილი მომღერალია. ის წარმოშობით ბათუმიდან, ჩემი მშობლიური ქალაქიდან არის.
- თქვენ ბათუმში ცხოვრობთ?
- არა, თბილისში, ახლა ბათუმში ვარ მშობლებთან.
- ევროპის ჩემპიონატზე თქვენ პრაქტიკულად სახლში თამაშობდით. ბათუმთან ჩაქვი ხომ ძალიან ახლოსაა. მშობლიურ კედლებში თავს კომფორტულად გრძნობდით?
- არ ვიცი, ჩემთვის ჭადრაკის თამაშის დროს დიდად არ იგრძნობა მშობლიურ ქალაქში თამაშობ თუ სხვა რომელიმე ადგილას.
- ჩვენთან საუბარში ჩემპიონატის ზოგიერთმა მონაწილემ პირდაპირ განაცხადა, რომ ჩაქვში იყო რამდენიმე ნიუანსი, რომელიც თამაშის დროს იგრძნობოდა და მოთამაშეებს ხელს უშლიდა.
- შეიძლება ასეც იყო. ცოტა ხმაური შემოდიოდა სასტუმროში, რომელიც რკინიგზის გვერდით მდებარეობს. ასევე ხმაურს იწვევდა სასტუმროს გვერდით მიმდინარე მშენებლობა. ამის გამო ბევრი მოჭადრაკე უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ჩემპიონატმა ნორმალურად ჩაიარა, რადგან სასტუმროში კარგი პირობები იყო და კვებაც ნორმალური გვქონდა. მე მივეჩვიე სათამაშო პირობებს და თავს კარგად ვგრძნობდი.
- თქვენს მიერ ჩამოთვლილი ნიუანსები ხელს არ გიშლიდათ?
- ჩემზე არ მოქმედებდა.
- თქვენზე არაფერი არ მოქმედებს?
- რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო.
- ფსიქოლოგიურად თქვენ კარგად ხართ მომზადებული და ნერვების მხრივ პრობლემა არ გაქვთ?
- ასე გამოდის.
- როგორ მოხდა თქვენი ჭადრაკით დაინტერესება?
- მე და ჩემ დედმამიშვილებს (1 და, 2 ძმა) ჭადრაკის თამაში მამამ გვასწავლა. ჭადრაკს მხოლოდ მე შემოვრჩი. დედმამიშვილები კი ადრევე შეეშვნენ.
- თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ.
- დავიბადე ბათუმში. მამა ინჟინერია, დედა დიასახლისი, და თბილისში მუშაობს, მყავს ჩემზე 2 წლით უმცროსი ძმები, ერთი მეზღვაურია, მეორე კი ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში სწავლობს. ამ წელს ამთავრებს მაგისტრატურას და იქვე აპირებს დარჩენას.
- თქვენც ხომ არ აპირებთ ევროპაში წასვლას და იქ ცხოვრებას?
- ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები, რადგან სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამორჩეული სურვილი არ მაქვს.