ლონდონის “ვესტ ჰემმა” მთავარ მწვრთნელად ხორვატი სპეციალისტი სლავენ ბილიჩი დანიშნა. ამის შესახებ ლონდონური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
46 წლის ბილიჩი, რომელიც ბოლოს თურქეთის “ბეშიქთაშს” წვრთნიდა, “ვესტ ჰემს” მაშინ შეუერთდება, როდესაც დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზას მიიღებს. მან ლონდონელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
1996-1997 წლების სეზონში ბილიჩი “ვესტ ჰემში” თამაშობდა და 48 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
“ვესტ ჰემში” დაბრუნება ძალიან მიხარია, რადგან პრემიერლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკულტო კლუბია, რომლის ღირსების დაცვა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. იმედია, მოთამაშეებისა და გულშემატკივრების მოლოდინს გავამართლებ”, - თქვა ბილიჩმა.
“ვესტ ჰემის” 120-წლიანი ისტორიაში ბილიჩი მე-15 მთავარი მწვრთნელი იქნება.