ისრაელის და ლატვიის საკალათბურთო ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ის შემადგენლობები დაასახელეს, რომლებიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.
ებრაელთა დამრიგებელმა ერეზ ედელშტეინმა წინასწარი 19-კაციანი სია ჩამოწერა, რომელშიც მხოლოდ 2 ლეგიონერია: გალ მეკელი (“ნიჟნი ნოვგოროდი”, რუსეთი), ომრი კასპი (“საკრამენტო”, NBA), ლიორ ელიაჰუ, ბარ ტიმორი, იოტამ ჰალპერინი, იანივ გრინი (ყველა – “ჰაპოელი”, იერუსალიმი), იოგევ ოჰაიონი, გაი პნინი, დ’ორ ფიშერი (ყველა – “მაკაბი”, თელ ავივი), იუვალ ნაიმი, ოზ ბლაიზერი (ორივე – “ბნეი ჰერცლია”), აფიკ ნისიმი, ელიშაი კადირი (ორივე – “ჰაპოელი”, ეილატი), რავივ ლიმონადი (“ჰაპოელი”, თელ ავივი), დაგან იავზური, ალექსეი ჩუბრევიჩი (ორივე – “მაკაბი”, ჰაიფა), ნიტზან ჰანოჩი, შონ დოუსონი (ორივე – “მაკაბი”, რიშონი), რობერტ როტბარტი (“ირონი ნაჰარია”).
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ნაკრები ევრობასკეტ-2015-ის A ჯგუფში მოხვდა, რომლის მატჩებიც საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში შედგება. მასპინძელთა გარდა, ედელშტეინის გუნდის მეტოქეები რუსეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფინეთი და პოლონეთი იქნებიან.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ფაქტობრივად გარკვეულია იმ ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის ვინაობა, რომელიც ტურნირზე პოლონელთა ღირსებას დაიცავს. ის ათენის “პანათინაიკოსის” მცველი ეი ჯეი სლოტერია, რომელიც გასულ სეზონში ევროლიგაში საშუალოდ 9.7 ქულას აგროვებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს “ლაბორალ კუჩაში” თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი დავის ბერტანსი, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა ლატვიამ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა, ჯერჯერობით, წინასწარი 12-კაციანი შემადგენლობა ჩამოწერა, რომელსაც რამდენიმე კალათბურთელი პირველ შეკრებაზე დაემატება.
იანის სტრელნიეკსი (“ბროზე ბასკეტსი”, გერმანია), დაირის ბერტანსი (“ბილბაო”, ესპანეთი), იანის ბლუმსი (“პანათინაიკოსი”, საბერძნეთი), ზანის პეინერსი, კრისტაპს იანიჩენოკსი (ორივე – “ვენტსპილსი”), იანის ტიმა, მარეკს მეიერსი (ორივე – ვეფ), ოიარს სილინსი (“რეჯიო ემილია”, იტალია), კრისტაპს პორზინგისი (“სევილია”, ესპანეთი), როლანდს ფრეიმანისი (“უნიკსი”, რუსეთი), კასპარს ბერზინსი (“კრასნიე კრილია”, რუსეთი), ანდრეის სელაკოვსი (“იეკაბპილსი”).
ცნობისთვის, ლატვია ევროპის პირველობის ერთ-ერთი მასპინძელია და D ჯგუფის მატჩებს დედაქალაქ რიგაში მიიღებს. ლატვიელთა მოწინააღმდეგეები ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, ბელგია და ჩეხეთი იქნებიან.