სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს მიაჩნია, რომ სპორტული ფედერაციების მუშაობა გამჭვირვალე უნდა იყოს, ხოლო მათ მიერ დახარჯულმა ფინანსებმა შედეგი მოიტანონ.
ამის შესახებ, ხეჩიკაშვილმა სპორტის სამინისტროში ფედერაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელთაც დაფინანსების კრიტერიუმები და სპორტული სტატისტიკის ევროპული მოდელი გააცნო.
“საქმიანი შეხვედრა იყო, რომელზეც ფედერაციების დაფინანსების პროექტი და კრიტერიუმები წარმოვადგინეთ. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ფედერაციის მუშაობა გამჭვირვალე იყოს. რაც მთავარია ფინანსები ისე უნდა დაიხარჯოს, რომ შედეგი მივიღოთ. თითოეული ფედერაცია სამართლიანად უნდა დაფინანსდეს. საჭიროა, თანამედროვე მენეჯმენტი და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოება. შესაბამისი კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს და ამ მხრივ თანმიმდევრულად ვმუშაობთ”, - თქვა ფედერაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ხეჩიკაშვილმა.