ფეხბურთი

17:28 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონი რიცხვებში

ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონი კატალონიის “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა. ფინალში “ბლაუგრანამ” ტურინის “იუვენტუსი” 3:1 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის შემდეგ უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა აწ უკვე გასული სეზონის საინტერესო ფაქტები რიცხვებში შემოგვთავაზა.

150

ჩავი ერნანდესმა და იკერ კასილიასმა გასულ სეზონში, ამ ტურნირზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით 150 მატჩიან ზღვარს უწიეს, ოღონდ “ბლაუგრანას” ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის” გოლკიპერს ბოლო მატჩში აჯობა, ფინალში მონაწილეობით 151 მატჩი დაუგროვდა და გუნდს საბოლოოდ დაემშვიდობა.

77

ლიონელ მესიმ ტურნირზე რიგით მეხუთე ჰეთთრიკი შეასრულა, რაც სარეკორდოა. არგენტინელმა “აპოელის” კარში სამი გოლი გაიტანა და რაულ გონსალესს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების (71) მხრივ გაუთანაბრდა. ამჟამად კი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად რეკორდს 77-77 გოლით იყოფს.

5

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებული ფინალი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის არსებობის დღიდან “ბარსასა” და “იუვესთვის” მეხუთე გახლდათ. მსგავსი მაჩვენებელი აქვს მიუნხენის “ბაიერნს”, ხოლო სარეკორდო მაჩვენებელი (6) “მილანს” ეკუთვნის.

11

“ბარსელონამ” ნახევარფინალში 11-ჯერ ითამაშა. მეორე ადგილზე მადრიდის “რეალი” (10) იმყოფება, ხოლო მესამეზე - “ბაიერნი” (9).

8

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა. ზედიზედ 7-ჯერ საუკეთესო რვა გუნდში “მანჩესტერ იუნაიტედი” (1996/97-2002/03) და მადრიდის “რეალი” (1997/98-2003/04) ყოფილან.

26

უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 88 ნახევარფინალისტს შორის ესპანეთი 26 გუნდით, ყველაზე დიდი კონტიგენტის მქონე ქვეყანაა. გასული სეზონი ზედიზედ მეხუთე გახლდათ, რომელშიც საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ესპანური გუნდები ფიგურირებდნენ.

10

მადრიდის “რეალმა” 18 თებერვალს “შალკე” მერვედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში სტუმრად 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა. “სამეფო გუნდმა” მიუნხენის “ბაიერნის” მიერ 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე ნაჩვენები რეკორდი გაიმეორა.

5

ჩემპიონთა ლიგის ისტორიის განმავლობაში მხოლოდ 5-ჯერ მოხდა, როდესაც გუნდმა პირველ ტაიმში 5 ან მეტი გოლი გაიტანა, “ბაიერნმა” ეს გასულ სეზონში ორჯერ შეძლო. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე “რომას”, ხოლო მეოთხედფინალში “პორტუს” 45 წუთში 5 გოლი გაუტანეს.

3.59

ამდენი დრო დასჭირდა დონეცკის “შახტარის” მცველ ოლექსანდრ კუჩერს გაძევებისთვის “ბაიერნთან” მერვედფინალში წაგებულ მატჩში. მისი წითელი ბარათი სარეკორდოა, მან თითქმის ორი წუთით გააუმჯობესა ბრემენის “ვერდერის” ფეხბურთელის ვალერიენ ისმაილის შედეგი, რომელიც 2004 წელს “ინტერის” წინააღმდეგ მატჩში გააძევეს.

1

1/8-ფინალში ლონდონის “ჩელსის” და პსჟ-ს განმეორებით დაპირისპირებაში სტუმრად გატანილმა გოლმა გამარჯვებული 25-ედ გამოავლინა, ხოლო პირველად მოხდა, როდესაც გუნდი დამატებით ტაიმში გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა.

10

კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის “იუვენტუსს” ნახევარფინალში პენალტი გაუტანა და სეზონი საბოლოოდ 10 გატანილი გოლით დაასრულა. პორტუგალიელმა ზედიზედ მეოთხე სეზონში შეძლო ათი ან ათზე მეტი გოლი გატანა. რუდ ვან ნისტელროიმ (2001/02 – 10 გოლი, 2002/03 -12) და ლიონელ მესიმ (2010/11 - 12, 2011/12 - 14) ორი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების რიცხი ორნიშნა ციფრს მიუახლოვეს.

19

“სამეფო გუნდი” ჯგუფურ ეტაპს 19-ჯერ გასცდა, რაც სარეკორდოა. მადრიდელები ზედიზედ 18-ჯერ გავიდნენ ჯგუფიდან. ამავე კატეგორიაში მეორე ადგილზე ლონდონის “არსენალია” (12, ხოლო მესამეზე “ბარსელონა” (11) იმყოფება.

6

“რეალმა” მიმდინარე სეზონში ჯგუფში 6 შეხვედრა მოიგო და მან ეს შედეგი 2011/12 წლების სეზონში პირველად აჩვენა. სულ გუნდებს 6-ჯერ აქვთ ჯგუფში ყველა შეხვედრა მოგებული. “სამეფო გუნდის” გარდა ეს მაჩვენებელი “მილანმა” (1992/93), პსჟ-მ (1994/95), მოსკოვის სპარტაკმა (1995/96) და “ბარსელონამ” (2002/03) დააფიქსირეს.

8

“ბარსელონამ” ჯგუფში გამარჯვება ზედიზედ მერვედ შეძლო და თავისივე სარეკორდო მაჩვენებელი გააუმჯობესა. “ბლაუგრანას” ჯგუფში 16-ჯერ უმარჯვია, სამი მათგანი მეორე ჯგუფური ეტაპის არსებობის დროს მოიგო და საერთო ჯამში ამ მხრივაც ესპანური გრანდი ევროპაში საუკეთესოა.

1

“მონაკო” გახდა მეცხრე გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგმა კლუბება აჩვენეს: “მილანი” (1992/93), “აიაქსი” (1995/96), “იუვენტუსი” (1996/97, 2004/05), “ჩელსი” (2005/06), “ლივერპული” (2005/06), “ვილიარეალი” (2005/06), “მანჩესტერ იუნაიტედი” (2010/11). ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში არცერთ გუნდს ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად არ ჩაუტარებია.

24

“ბატემ” ახალი რეკორდი დაამყარა. ბელარუსიულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 24 გოლი გაუშვა, საშუალოდ მატჩში 4 გოლი. წინა რეკორდი კი ზაგრების “დინამოს” (22) და “ნორდსიელანდს” (22) ეკუთვნოდათ.

38

“რომას” თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი ყველაზე ხანდასმული მეგოლე გახდა. იტალიელმა მოსკოვის ცსკა-ს 38 წლის და 59 დღის ასაკში გაუტანა.

9

დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელმა ლუის ადრიანომ ჯგუფურ ეტაპზე 9 გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს მიერ 2013/14 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. ბრაზილიელი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა. ეს რეკორდი სამხრეთამერიკელს ზემოთნახსენებმა “ბატემ” შეასრულებინა. ადრიანომ ერთ მატჩში გატანილი 5 გოლის მაჩვენებლით ლიონელ მესის მიერ 2012 წელს “ლევერკუზენის” წინააღმდეგ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. “ბატესთან” მოგებულ შეხვედრაში (7:0) ადრიანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა.

7:0

“შახტარმა” “ბატე” 7:0 გაანადგურა. უკრაინული გუნდი პირველი გახდა პირველ ტაიმში გატანილი 6 გოლის მიხედვით. დონეცკელები “ლივერპულს” შეუერთდნენ, ოღონდ “მერსისაიდელებმა” მეორე ტაიმში “ბეშიქთაშს” 6 გოლი გაუტანეს (8:0). სხვა მხრივ კი “შახტარი” “მარსელს” სტუმრად მოგებული ყველაზე დიდი ანგარიშის მაჩვენებლით გაუთანაბრდა. ფრანგებმა “ჟილინა” 7:0 გაანადგურეს.

3

“პორტუს” ნახევარმცველი იასინე ბრაჰიმიმ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში “ბატეს” წინააღმდეგ ჰეთთრიკი შეასრულა. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე პირველივე შეხვედრაში სამი გოლი შემდეგ ფეხბურთელებს გაუტანიათ: მარკო ვან ბასტენი (“მილანი”), ფაუსტინო ასპრილია (“ნიუკასლი”), იაკუბუ (ჰაიფას “მაკაბი”), უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ვინჩენცო იაკინტა (“უდინეზე”), გრაფიტე (“ვოლფსბურგი”).

0.114724