სხვა

17:17 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას ვერცხლი და დათუკაშვილის თასი

ხელბურთის საკლუბო სეზონი დასრულდა. ქართველების კლუბებიდან სეზონის ბოლოს წარმატება მოიპოვა სერგო დათუკაშვილის ვოივოდინამ - სერბეთის ჩემპიონობის შემდეგ ქალაქ ნოვი სადის კლუბმა თასის ფინალში 34-23 დაამარცხა სპარტაკ ვოიპუტი, თუმცა, დათუკაშვილმა სეზონის ბოლო ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა.

მაკედონიაში შარშანდელი შედეგი ერთი ადგილით გააუმჯობესა და მეორეზე გავიდა რევაზ ჭანტურიას კლუბი, ზომიმაკ-სტრუმიცა. გადამწყვეტი გამოდგა მეორე მატჩი სკოპიეს მეტალურგთან, რომელიც სტრუმიცამ საკუთარ მოედანზე 21-20 მოიგო. ჭანტურია ამ თამაშში შვიდჯერ დადგა შვიდმეტრიანის ნიშნულთან და შვიდი გოლი შეაგდო, სულ კი 9 გაიტანა. შედეგად, სტრუმიცამ და მეტალურგმა 21-21 ქულა დააგროვეს და ზომიმაკმა პირად მატჩებში, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით აჯობა მეტოქეს (21-20, 21-22). შედეგად, ჭანტურიას კლუბმა მოიპოვა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში (SEHA ლიგა) თამაშის უფლება. ამ შეჯიბრებაზე მაკედონიას წინა სეზონში ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი წარადგენდა, ისევე როგორც ჩეპიონთ ლიგაზე.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების გათამაშებას, აქ მაკედონიას ჯერჯერობით ერთი ადგილი აქვს, რომელსაც ვარდარი დაიკავებს. ლიგის ახალი სეზონი ახალი ფორმატით გაიმართება. ჯგუფურ ტურნირზე უკვე 28 გუნდი გამოვა, ოღონდ ფორმატი ასიმეტრიული იქნება. A და B ჯგუფში იქნება 8-8 გუნდი, საიდანაც ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ პირდაპირ მეოთხედფინალში, ხოლო 5-5 მომდევნო გუნდი - მერვედფინალში. ჯგუფური ეტაპის დანარჩენი 12 მონაწილე განაწილდება C და D ჯგუფებში, აქედან შემდეგ ეტაპზე გავა მხოლოდ 2-2 საუკეთესო, ჯვარედინი სისტემით შეხვდება ერთმანეთს და სულ 2 გუნდი მიიღებს მერვედფინალის საგზურს.

19 ივნისს ვენაში შეიკრიბება EHF აღმასკომი, რომელიც შეარჩევს A და B ჯგუფების მონაწილე 16 გუნდს, ასევე C და D ჯგუფების 9 წევრს, ხოლო დანარჩენი 3 ადგილი გათამაშდება სამ შესარჩევ ტურნირში, სადაც 12 გუნდი ითამაშებს. ჯამში ჩემპიონთ ლიგაზე გამოდის 37 კლუბი, აქედან 29 ადგილს EHF გაანაწილებს ქვეყნების რეიტინგის მიხედვით, ხოლო დანარჩენი 8 ადგილის მოსაპოვებლად ფედერაციებმა დამატებითი განაცხადი უნდა შეიტანონ. შესაძლოა, ამ სიაში სტრუმიცაც მოხვდეს.

სეზონი დასრულდა რუმინეთშიც. ნაციონალურ ლიგაში დასარჩენ პლეიაუტში ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარამ პირველი ადგილი დაიკავა და სეზონი მეცხრე პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ევროპული ჯილდოს, ჩელენჯ კაპის მოპოვების შემდეგ შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას ოდორჰეიმ 5-8 ადგილების პლეიოფი ითამაშა, 0-2 წააგო კოსტანცასთან, 2-0 მოუგო ბაკეუს და მეშვიდე ადგილზე გავიდა. რუმინეთის ჩემპიონი გახდა ბაია მარე, მეორეზე გავიდა CSM ბუქარესტი, მესამეზე - დინამო ბუქარესტი.

რაც შეეხება სამ მოწინავე ევროპულ ლიგას - გერმანიის ჩემპიონი გახდა კილი, ვინც 2 ქულით გაასწრო ლიოვენს, მესამეზეა ფლენზბურგი. საფრანგეთში პარი სენ ჟერმენმა 1 ქულით აჯობა მონპელიეს, ხოლო ესპანეთში, ბარსელონამ, ჩემპიონობის იოლად მოგების შემდეგ თასის ფინალში 27-26 დაამარცხა გრანოლერსი.

2014-15 წლების სეზონს დახურავს სანაკრებო მატჩები. კაცები 10-14 ივნისს გამოავლენენ ევრო 2016-ის 15 ფინალისტს, ხოლო ქალები - 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილეს. აქ ევროპული გუნდებიდან საგზური მხოლოდ ევროპის ჩემპიონს, ნორვეგიას და მასპინძელ დანიას აქვთ განაღდებული, ხოლო პლეიოფის პირველი მატჩები უკვე გაიმართა: საფრანგეთი-სლოვენია 27-20, გერმანია-რუსეთი 20-22, სერბეთი-რუმინეთი 26-32, ჰოლანდია-ჩეხეთი 33-23, უკრაინა-პოლონეთი 18-24, მონტენეგრო-ისლანდია 28-19, ავსტრია-უნგრეთი 20-33, ესპანეთი-სლოვაკეთი 25-19,ხორვატია-შვედეთი 23-24. საპასუხო შეხვედრები 13-14 ივნისსაა.

0.117237